"1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, დამსაქმებელი უფლებამოსილი იქნება, 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში არ გადაიხადოს"

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები იგეგმება,- აღნიშნულის შესხებ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები შეეხება საშემოსავლო გადასახადს და ის 42 000- მდე კომპანიას შეეხება.

ცვლილებების თანახმად, 1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, დამსაქმებელი უფლებამოსილი იქნება, 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში არ გადაიხადოს.

„ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ ანტიკრიზისულ ღონისძიებებს, რომელიც 4 ეტაპად ხორციელდება. მიმდინარე წლის ფარგლებში ანტიკრიზისული ღონისიძიებების მიმართულებით 2.8 მილიარდი ლარი დაიხარჯა და ეს მოხმარდა სხვადასხვა საკომპენსაციო ღონისძიებებს როგორც მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისთვის, ასევე ბიზნესის მხარდაჭერისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ ჩვენი ეკონოიმიკის სწრაფად აღდგენა. იგივე სულისკვეთებაა ასახული მომდევნო წლის ბიუჯეტშიც, სადაც ანტიკრიზისული ღონისძიებების მიმართულებით იგეგმება 1.4 მილიარდი ლარზე მეტი რესურსის დახარჯვა და ამ ანტიკრიზისული ღონიძიებების ნაწილი საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, კერძოდ, დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილება ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-4 ეტაპით დაგეგმილი სხვადასხვა სახის ბიზნესის მხარდაჭერისთვის საჭირო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რაც ითვალისწინებს კერძო სექტორისთვის და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათების დაწესებას, რომ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ წნეხი მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, დამსაქმებელი უფლებამოსილი იქნება, რომ მისი დასაქმებულისთვის 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულებაც აქვს, დაუკავოს დამსაქმებელს, თუმცა, უფლებამოსილი იქნება, რომ ეს ბიუჯეტში არ გადაიხადოს იმ დასაქმებულებისთვისაც, რომელთა ხელფასი ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 1500 ლარს ან ნაკლებს. შესაბამისად, ეს პროგრამა ძალიან ნაცნობია ჩვენი კერძო სექტორისთვის. ეს კონკრეტული ღონისძიება 42 000-მდე კომპანიისთვის არის ხელმისაწვდომი და მათ შეუმსუბუქებს ამ ტვირთს და 550 000 დასაქმებულისთვის იქნება იმისა გარანტი, რომ შენარჩუნებული იქნება მათი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა ლილუაშვილმა.