როცა მეკითხებოდნენ, რატომ წავედით პოლიტიკაში ახლა და არა მანამდე, მივხვდი, რომ 2014 წელს, როცა ჩვენ შევედით ანაკლიის პროექტში, იმ დროიდან უკვე პოლიტიკაში ვართ. არა უბრალოდ პოლიტიკაში, არამედ გეოპოლიტიკაში , - ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, “ლელოს” პოლიტიკურ ველზე კარგი სტარტი არ ჰქონია და ამომრჩევლები პარტიის ლიდერების გულწრფელობაში დარწმუნებული არ იყვნენ.
“ჩვენ საკმაოდ რთული სტარტი გვქონდა. პირველი სამი თვე - იანვარი, თებერვალი და მარტის ნახევარი გავატარეთ სასამართლოში. უპრეცედენტო რაოდენობის სასამართლოს სხდომები ჩაგვინიშნეს, ყოველ მეორე დღეს ვიყავით სასამართლოში და ამით საკმაოდ სერიოზულად შეგვიშალეს ხელი სტარტის კარგად აღებაში. ამას დაემთხვა შემდეგ პანდემია და პირდაპირ მოვხვდით საარჩევნო მარათონში. ასევე, ძალიან ბევრი ადამიანი არ იყო დარწმუნებული ჩვენს გულწრფელ სურვილში, თუ რატომ მოვედით პოლიტიკაში და იმ გულწრფელ სურვილში, რომ მართლა საქმის საკეთებლად მოვდიოდით და არა იმისათვის, რომ ჩვენი თავი დაგვეცვა მართლმსაჯულებისაგან, ან დაგვეცვა ჩვენი ბიზნესები. მგონი, არჩევნების მერე უფრო კარგად გამოჩნდა ჩვენი გულწრფელობა, ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ ჩვენ მოსული ვართ ძალიან დიდი ხნით და მოსული ვართ არა ჩვენი ინტერესების გასატარებლად და ეს ჩვენმა ნაბიჯებმა ძალიან კარგად გამიჯნა”,- განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, სწორედ ის არის ნამდვილი პოლიტიკა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო განვითარდა.
“ის ძალიან ბევრი რამ, რაც ანაკლიის გარშემო ბოლო 4 წლის განმავლობაში მოხდა, ეს არის ყველაზე ნამდვილი პოლიტიკა და გეოპოლიტიკა, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით. როცა ანაკლიაზე მიიტანეს ასეთი იერიში, მე მივხვდი, რომ ეს არ არის მამუკა ხაზარაძეზე მიტანილი იერიში იმიტომ, რომ ანაკლია ვერასდროს იქნება მამუკა ხაზარაძის და კერძო ბიზნესის. ეს იყო ერთობლივად სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის. მე მივხვდი, რომ ამ პროექტის თვალსაზრისით და მისი გაჩერების მეშვეობით, ქვეყნის ვექტორს შეექმნა საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა. არამარტო ქვეყნის ვექტორს, წინააღმდეგობა შეექმნა ინვესტორებთან დამოკიდებულებას, ღია ბაზრის პრინციპს, თავისუფლებას. ამას დაემატა სასამართლო პროცესი იმიტომ, რომ მაქსიმალური ზიანი მოეყენებინათ, რაც ვერ შეძლეს. სად მიდის ქვეყანა? თუ ანაკლიას ებრძვი, ამერიკელებს ებრძვი, ინვესტორებს ებრძვი, ექსპოპრეაციას უკეთებ მათ ინვესტიციებს, ეს ნიშნავს, რომ, რასაც მე და ჩემი პარტნიორები 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით, რომ შემოგვქონდა უცხოური ინვესტიციები, ამის საწინააღმდეგო პროცესი დაიწყო”,- განაცხადა ხაზარაძემ.