საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები საშემოსავალო გადასახადის გარდა, საიჯარო და სალიზინგო ხელშეკრულებებსაც შეეხება. ასევე ცვლილებები ეხება ტურიზმის სექტორს, რომელიც 2021 წელს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ისაუბრა.
ლილუაშვილის თქმით, ცვლილებები უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
„შემდგომი ცვლილება შეეხება უკვე საიჯარო და სალიზინგო ხელშეკრულებებს, ჩვენ ასევე ვაგრძელებთ 6 თვის განმავლობაში, მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან იჯარისა და ლიზინგის მომსახურებებზე დღგ-თი დაბეგვრის ვალდებულების ნაწილს, რაც გულისხმობს რომ კომპანიას გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოეშვება ფაქტობრივად გადახდილი თანხის პერიოდში. იყო შემთხვევები როცა სხვადასხვა შეზღუდვების გამო კომპანიებს შეეზღუდათ საქმიანობა და უწევდათ იჯარის თანხის გადახდა, სწორედ ამ ტვირთის შემსუბუქებას შეეხება ეს ღონისძიება. მოგეხსენებათ, რომ ყველაზე მეტად პანდემიის შედეგად ტურიზმის სექტორი დაზარალდა ეკონომიკური კრიზისის შედეგად, ამიტომ ვაგრძელებთ ტურიზმის მხარდაჭერას, რადგან ამ დარგში საკმაოდ ბევრი ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული. ამ თვალსაზრისით, 2021 წლის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება ტურიზმის საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესი და ასევე თავისუფლდება იმ გადავადებული საშემოსავლო გადასახადისგან, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ტურიზმის სექტორს ანტიკრიზისული ღონისძიებების ფარგლებში შევთავაზეთ. ამ ორივე ღონისძიებით ისარგებლებს თითოეულით 1000-ზე მეტი კომპანია, სადაც 30 000-ზე მეტი დასაქმებულია,“- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ინიციატივის ფარგლებში ასევე მოიაზრება პროცედურული ხასიათის ღონისძიებებიც, მათ შორის საბაჟო და საგადასახადო პროცედურების გამარტივება.
„მაგალითად, კოდექსში ცვლილებების ფარგლებში შემოდის საგადასახადო დავაზე ონალაინ განხილვის შესაძლებლობა, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას, რომ დაუსწრებლად განიხილონ საგადასახადო დავები და შეთანხმებები და ეს პანდემიის პირობებში საკმაოდ დროული ცვლილებაა. ასევე 2021 წლის პირველი იანვრიდან შემოდიოდა ვალდებულება საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით, კერძოდ, საბაჟოთი შემოტანილი საქონლის დღგ-თი დაბეგვრა უნდა ითვალისწინებდეს სხვა თანმდევ იმპორტთან დაკავშირებულ ხარჯებს. შესაბამისად, ამ ვალდებულებას ვავადებთ 2023 წლამდე. ასევე, მნიშვნელოვანი ღონისძიება ხორციელდება დაბა ბაკურიანის, კურორტ გოდერძისა და დაბა მესტიაში მოქმედ ტურისტულ ოპერატორებსა და ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი პირები, გამომდინარე იქიდან, რომ ზამთრის კურორტი პანდემიის პირობებში შეუძლებელია იყოს შემოსავლების წყარო, ნოემბერსა და დეკემბერში დარიცხული საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან,“- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.