"ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა მიღწევადია"

ვფიქრობთ, რომ მომდევნო წელს 4.3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად პანდემიიდან გამომდინარე დიდი გაურკვევლობისა, მიღწევადია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წლებში, ქვეყანას ჰქონდა, დაახლოებით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ასევე, საკმაოდ პოზიტიური იყო 2020 წლის დასაწყისი, თუმცა პანდემიამ გავლენა იქონია ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

„პანდემიის გავლენა განსაკუთრებით შეეხო ისეთ სექტორებს, რომლებსაც საკმაოდ დიდი წვლილი შეჰქონდათ ეკონომიკაში - ეს იყო ტურიზმის სექტორი, რომელიც შეადგენდა ეკონომიკის, დაახლოებით, 10%-ს. პანდემიამ გავლენა იქონია ექსპორტზეც და შემცირდა მისი მაჩვენებელი. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად გაგვიუარესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. გასულ წელს, ჩვენ გვქონდა 5,5%, რაც იყო ისტორიული მინიმუმი, თუმცა წელს ველოდებით, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება 9,7%-მდე“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, შემცირებაა მოსალოდნელი ინვესტიციების ნაწილში და ეს ყველაფერი აისახება საბიუჯეტო პარამეტრებზეც, მათ შორის, საბიუჯეტო დეფიციტზე.

„წელს, პროგნოზი რაც გვაქვს ეკონომიკური ზრდისა და დანახარჯებიდან გამომდინარე, გავდივართ 9.1 % საბიუჯეტო დეფიციტზე, რაც ძალიან მაღალია. ჩვენ გვქონდა სურვილი და ვმუშაობდით, რომ მომდევნო წელს, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა, თუმცა საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ჩამოვსულიყავით 7,6 %-ზე ქვემოთ, რადგან ამ შემთხვევაში, ვეღარ მოხერხდებოდა ის მნიშვნელოვანი დაფინანსება, რაც გათვალისწინებულია ბიუჯეტში როგორც ბიზნესის, ასევე, მოქალაქეთა მხარდაჭერის კუთხით. გამომდინარე აქედან, პანდემიის პირობებში, ისევ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ 1 წელი უფრო მაღალი დეფიციტი გვქონოდა და ეს მიმართულებები არ შეგვეჩერებინა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხები განხილული იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც.

„ერთადერთი მიზეზი, რატომაც შევთანხმდით ამ დეფიციტზე, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ პანდემიური პროცესები მომავალი წლის მეორე ნახევრიდან, შესაძლოა, შესუსტდეს, ეკონომიკური კუთხით, მაინც ვერ იქნება დიდი ზრდის წელი, ამიტომ თუ დაშვება იქნება, რომ ეკონომიკურად უფრო მაღალი ზრდა გვექნება და მეტ შემოსავლებს მივიღებთ, ეს მაინც დეფიციტის შემცირებისკენ უნდა მივმართოთ და არ უნდა დავიწყოთ ახალი მიმართულებებით თანხების ხარჯვა. ამავდროულად, იმედია ეს არ მოხდება, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე თუ საჭირო გახდა დამატებითი ხარჯები ჯანდაცვის კუთხით, ჩვენ აუცილებელი საჭიროებები, რა თქმა უნდა, უნდა დავაფინანსოთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.