პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს ხვალ უყრის

ხვალ პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხვალვე კენჭისყრაზე დადგება.

მთავრობის მიერ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.

სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2 460.7 მლნ ლარით იზრდება და 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს (წინა წარდგენებთან შედარებით, ასიგნებების მოცულობა 1 313.1 მლნ ლარით იზრდება). ჯამში ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 221.9 მლნ ლარით იზრდება და 12 778.3 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, რომელშიც 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 5%-ის ფარგლებში იყო პროგნოზირებული, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აღნიშნულია, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში.