"დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის შიგნით არსებული რესურსი, რისთვისაც გასატარებელია ეკონომიკური რეფორმები"

დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად ქვეყნის შიგნით არსებული რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რისთვისაც ეკონომიკური რეფორმებია გასატარებელი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამატებითი ინვესტიციები მიიმართოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, კაპიტალური პროექტების ხარჯზე დეფიციტის შემცირება გრძელვადიან პერიოდში, არ იქნება სწორი და მიზანშეწონილი.

„პირველ რიგში, ეს არის სახელწიფო საწარმოების ნაწილი, რომელთაც აქვთ იმის პოტენციალი რომ ეკონომიკურ ზრდაში უფრო მეტი წვლილი შეიტანონ, ჰქონდეთ მეტი მოგება. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპების მიღწევაში დაგვეხმარონ. მეორე მიმართულებაა დამატებითი შემოსავლების მობილიზება. აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ პირდაპირ რომელიმე გადასახადის გაზრდას, არამედ ესაა ადმინისტრირების ნაწილში გაუმჯობესება, იმისთვის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა მეტად გამოვიყვანოთ ჩრდილიდან და დაწესებული გადასახადი სამართლიანად გადაიხადოს ყველამ.

გარდა ამისა, თითქმის ყველა მიმართულებით დაწესებული გვაქვს შეღავათები, უნდა შევთანხმდეთ, ემსახურება თუ არა ეს შეღავათები მთავარ მიზანს - მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას, ან კონკრეტული სექტორის განვითარებას ან აქვს თუ არა მას სოციალური ფაქტორი. თუ ამ მიზნებს არ ემსახურება ეს შეღავათები, სამომავლოდ მათი ეტაპობრივად გადახედვა მოგვიწევს.

ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ვალის მოცულობა მნიშვნელოვნად შევამციროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, სამწუხაროდ, ხდება ეკონომიკური შოკები და მათზე საპასუხოდ აუცილებლად გვჭირდება რეზერვი. ამისთვის კი საჭიროა რეფორმების განხორციელება და ქვეყანაში არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება“, - განაცხადა კაკაურიძემ.