საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 19.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან.

მათი ცნობით, ის მოიცავს სახელმწიფო და კერძო სექტორის საგარეო ვალს. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად.

„საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 19.7 მლრდ აშშ დოლარი (64.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 120.4 პროცენტია. 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 781.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 584.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 83.3 მლნ აშშ დოლარით, 48.9 მლნ აშშ დოლარით და 65.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8.9 მლრდ აშშ დოლარი (29.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 54.6 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 6.8 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 41.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 457.8 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 794.9 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი) და 904.4 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.5 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (15.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 91.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.6 მლრდ აშშ დოლარი (38.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 71.3 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.1 მლრდ აშშ დოლარია (16.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 31.4 პროცენტია.

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 10.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო - ვალი 35.2 ათასი აშშ დოლარით შემცირდა. 2020 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 457.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 202.7 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი,“- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.