ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა იწყება მაკროეკონომიკური სტაბილურობით და როცა ეს არ არის, სახიფათო ხდება ბიზნესის კეთება - ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მთავარმა ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ რადიო „პალიტრასა“ და პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ისაუბრა. ამით ის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებსა და მთავრობის მიერ აღებულ ვალებს გამოეხმაურა.
ბესო ნამჩავაძის თქმით, მთავარი პრობლემა საგარეო ვალის მოცულობაა, რითიც საქართველო იმ ოჯახებს და ადამიანებს დაემსგავსა, რომლებმაც იმდენი ისესხეს, რომ მეტ თანხას აღარავინ მისცემს.
„მიმდინარე წელს ბიუჯეტის განხილვა ძალიან დაგვიანებულად დაიწყო. ზოგადად, 21 დეკემბერს, ბიუჯეტი როგორც წესი დამტკიცებულია, თუმცა ეს საარჩევნო პროცესმა გადაავადა. როგორიც უნდა იყოს შენიშვნები, 31 დეკემბრამდე ბიუჯეტი მაინც უნდა დამტკიცდეს. მიუხედავად ამისა, შენიშვნების მიცემას მაინც აქვს აზრი, რადგან შესაძლებელია, ეს მომავალ წელს აისახოს დოკუმენტში.
ამჟამინდელი მდგომარეობა შემდეგია, სოციალური ფონი მძიმეა, პანდემიის ფონზე უმუშევრობა და სიღარიბე კიდევ მეტია, ხელისუფლებისგან ,,სათანადო“ პასუხი კი 200 ლარის კომპენსაციაა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არ აქვს მეტის საშუალება, ან აქვს მხოლოდ ოდნავ მეტის. ერთადერთი გამოსავალი ეკონომიკის სწრაფი ტემპით ამუშავებაა. ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაუძლებს ყველაფრის სუბსიდირებას. მით უფრო, რომ წელს 7 მლრდ ვალი უკვე ავიღეთ, მომავალ წელს 5 მლრდს აღება იგეგმება და ამით, საქართველო ხდება მაღალვალიანი ქვეყანა. ადამიანს, ან ოჯახს რომ შევადაროთ, უკვე იმდენი ვალი რომ აქვს, რომ მეტს აღარ მისცემენ, ისეთ მდგომარეობაში შევედით.
ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები, რაც არ მომხდარა აქამდე. მეტიც 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ნახევარი მლრდ ლარით გაიზარდა ბიუროკრატიული ხარჯები. უნდა გაიჭირვოს ცოტათი მაინც სახელმწიფო სექტორმა, რომ აღარ ავიღოთ ამდენი ახალი ვალი. მით უფრო, რომ ჩვენ გადავცდით ზედა ჭერს - 60%-ს ვალის მშპ-სთან მიმართებით. ეს ბუნებრივია დააფრთხობს ინვესტორებსაც. ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა იწყება მაკროეკონომიკური სტაბილურობით და როცა ეს არ არის, სახიფათო ხდება ბიზნესის კეთება“-განაცხადა ნამჩავაძემ ,,საქმეში“.