პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მოსახლეობას ელექტროენერგიაზე ნაზარდი ტარიფი 2021 წლის განმავლობაში სრულად დაუსუბსიდირდება. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
კერძოდ, როგორც გახარიამ აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ დღეს ელექტროენერგიის და წყლის ტარიფი გაიზრდება, მაგრამ სხვაობას არსებულ და გაზრდილ ტარიფს, შორის მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. შესაბამისად, 2021 წლის განმავლობაში მოსახლეობა არ იგრძნობს ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას.
„რას ნიშნავს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტები? საქართველოში სულ არის მილიონ 700 ათასი აბონენტი, აქედან, მილიონ 600 ათასი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს. რაც ნიშნავს, რომ 95% საქართველოს მოქალაქეების, ოჯახების იქნება სრულად სუბსდირებული ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასის კუთხით. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მძიმე კრიზისულ წელს, 2021 წელს, ტარიფის ზრდა დამატებით გამოწვევად არ ექცეს მოსახლეობას. ამასთან, წყალმომარაგების ტარიფის იმ ნაწილს, რომელიც ასევე გაიზრდება, სრულად დაასუბსიდირებს სახელმწიფო სოციალურად დაუცველებისთვის.
მოსალოდნელია, რომ დენის ტარიფი გაძვირდება არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ორგანიზაციებისთვისაც. ამის გამო მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის პირველად დასაქმებაში საკვები პროდუქტების წარმოების, ადგილობრივ წარმოებაზეა საუბარი, სრულად დაუსუბსიდირებს ნაზარდ ტარიფს ანუ დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას 50%-ით 2021 წლის განმავლობაში,“- განაცხადა გახარიამ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ინფორმაციას, „თელასისა“ და „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მოქმედი ტარიფების თანახმად, თუ რა თანხის ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში არ გაგიძვირდებათ ტარიფი 1 წლით. აღსანიშნავია, რომ „ბიზნესპრესნიუსი“ სტატიაში, გთავაზობთ ინფორმაციას, იმ კომპანიების ტარიფების შესახებ, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ.
„თელასის“ აბონენტებისთვის, მოქმედი ტარიფი 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით, შეადგენს, 18.556 თეთრს; შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ აბონენტები, რომლებიც თვის განმავლობაში მაქსიმუმ 55,66 ლარამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, შეძლებენ ამ სუბსიდიით სარგებლობას.
რაც შეეხება, რეგიონებში, „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ მოქმედ ტარიფებს, 301 კვტ/სთ-მდე დადგენილი ტარიფი არის 18.213 თეთრი, შესაბამისად, სუბსიდია შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც თვიურად მაქსიმუმ 54, 63 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარენ.
როგორც ცნობილია, სემეკი ამ წუთებში განიხილავს ელექტროენერგიის ტარიფის საკითხს სხვადასხვა კომპანიისთვის. შესაბამისად, „ბიზნესპრესნიუსი“ განახლებული ტარიფების დადგენის შემდეგაც მოგაწვდით ინფორმაციას, თუ ვის შეეძლება მთავრობის სუბსიდიით სარგებლობა და გაზრდილი ტარიფის ფონზე რა თანხას დაზოგავენ მომხმარებლები ერთი წლის განმავლობაში.