საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ასეთ პროგნოზს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აკეთებს.
`სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა გაიზარდოს იმიტომ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა. ამას ზოგადად მსოფლიოში ვხედავთ. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუმციროთ მათ დამატებითი დანახარჯები. პარალელურად, ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით გაცემული გვქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზამთრის პერიოდში, 4 თვის განმავლობაში პრაქტიკულად სრულად ხდება გარკვეული კატეგორიის სუბსიდირება“,-განაცხადა თურნავამ.
საქართველოში ამ დროისთვის საარსებო შემწეობას 515 700 ადამიანი იღებს, რაც 99 304-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 416 396-ს შეადგენდა.
რას შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობას, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის ნოემბერში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 929 440-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში 1 011 868 ადამიანია რეგისტრირებული.