"გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში პურ-პროდუქტების მწარმოებლებისთვის კომერციული გაზის ფასების ზრდა მოხდეს"

გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში პურ-პროდუქტების მწარმოებლებისთვის კომერციული გაზის ფასების ზრდა მოხდეს,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გაზის ტარიფი არ გაიზრდება წელს ასევე მოსახლეობისთვის.

რაც შეეხება კომერციულ მოხმარებას, მინისტრი ამბობს, რომ აქ მთავრობის ბერკეტები შეზღუდულია, თუმცა, კონსულტაციებს აწარმოებენ.

„გაზის მოხმარების ტარიფები არ იზრდება მოსახლეობისთვის, აქ არის საყოფაცხოვრებო მოხმარება და კომერციული. საყოფაცხოვრებო მოხმარებაზე გაზის ტარიფების წელს გადახედვა არ იგეგმება, შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ მოხდა გარკვეული გადახედვა გაზის ტარიფების, რადგან დიდი ინვესტიცია განხორციელდა გაზიფიკაციაში და აისახა ტარიფში, მაგრამ ეს მოსახლეობას საერთოდ არ უგრძვნია, რადგან მაშინაც ჩვენ ისევე როგორც ახლა მივიღეთ გადაყწვეტილება, რომ დავასუბსიდირებთ ამ გარკვეულ ნაზარდს. დღეს ჩვენ სახელმწიფო კომპანია გაზის კორპორაციის მეშვეობით ვაკეთებთ ამის სუბსიდირებას და რომ არა ეს სუბსიდირება, გაცილებით მაღალი იქნებოდა გაზის საფასური, ამ ნაწილში ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ვალდებულებას.

რაც შეეხება კომერციულ მოხმარებას, აქ, რა თქმა უნდა, რეგულირება არ ხდება, ეს არის თავისუფალი საბაზრო ფასები, რომელსაც ადგენენ კომპანიები. თქვენ იცით, რომ ჩვენ გარკვეული კომუნიკაცია გვაქვს „თბილისი ენერჯისთან“. მე გამოვრიცხავ, რომ მოხდეს უახლოეს პერიოდში კომერციული გაზის ფასების ზრდა პურ-პროდუქტების მწარმოებლებისთვის, ზოგადად, მცირე ბიზნესისთვის დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ არ მოხდება გაზის ფასის ზრდა, მაგრამ აქ ჩვენ ბერკეტები შეზუდული გვაქვს და უბრალოდ კონსულტაციით, კომუნიკაციით და ასეთი მეთოდებით ვცდილობთ ამის კომპენსირებას,“-განაცხადა თურნავამ.