"სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობა ყველა სფეროში უმაღლეს ნიშნულზეა"

სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობა ყველა სფეროში არის უმაღლეს ნიშნულზე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-მ უპირობოდ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დახმარების ბიუჯეტზე.

“ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების ბიუჯეტი იქნებოდა რაღაც პირობებზე დამყარებული და შეზღუდული და ეს ყველაფერი გაქარწყლდა. ამას ჩვენ თავიდანვე ვამბობდით იმიტომ, რომ დღესდღეობით ჩვენი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორს შორის ურთიერთობები ყველა სფეროში არის უმაღლეს ნიშნულზე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ეს არის აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, რომელიც ძალიან ბევრ ანგარიშში აისახა და სწორედ ის ფაქტი, რომ უპირობოდ იქნა დამტკიცებული კანონი და მიღებული არის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დაგვეხმარონ, ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და დიდი ნდობის დასტური. რა თქმა უნდა, ისინი ხედავენ, რომ ძალიან დიდი პროგრესია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, საარჩევნო სისტემის განვითარების თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებით, ამიტომაც არის ჩვენი ურთიერთობა ესოდენ მყარი და ნდობით განმსჭვალული. რაც შეეხება არჩევნების შესახებ დასკვნას - ეს დასკვნები უკვე გაკეთდა და თავად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, საელჩომ თავისი შეფასება გააკეთა და აქ ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.