"ჰოსპიტალურ სექტორშიც იგრძნობა ცალსახა სტაბილიზაციის ნიშნები და შემთხვევების კლება, თავისუფალი საწოლების რაოდენობამ კი 2000-ს გადააჭარბა"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იკლო, ჰოსპიტალურ სექტორში სტაბილიზაციის ნიშნები იგრძნობა. გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა.

„დღეს შემთხვევების რაოდენობა 2000-ზე ოდნავ მეტი იყო. ჰოსპიტალურ სექტორშიც იგრძნობა ცალსახა სტაბილიზაციის ნიშნები და შემთხვევების კლება, დატვირთვა იკლებს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა დატვირთვის შემცირება აჭარის რეგიონში, სადაც კოვიდ ჰოსპიტლები 50%-იანი დატვირთვით მუშაობენ. ეს თავისთავად იმედის მომცემი ნიშანია. ზოგადად 5000-ზე ოდნავ მეტია დღევანდელი მდგომარეობით ჰოსპიტლებში პაციენტების რაოდენობა და 2000-ს გადააჭარბა თავისუფალი საწოლების რაოდენობამ. საყურადღებო რჩება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც იმყოფებიან ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმში, 300-ს აღემატება ასეთი პაციენტების რაოდენობა და ინტენსიურ თერაპიას იტარებს 1000-ზე ოდნავ მეტ პაციენტი. შემთხვევეების რაოდენობის სტაბილიზაციის პირობებში ჰოსპიტალური სექტორისთვის დიდი შეღავათია, რომ შემცირდა პაციენების ნაკადები. პაციენტთა ნაკადები ასევე შემცირდა კლინიკურ სასტუმროებშიც, დღევანდელი მდგომარეობით 1250 ადამიანი იტარებს მკურნალობას სასტუმროში, რაც მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე მეტის საჭიროება არ არსებობს“,- განაცხადა გაბუნიამ.