პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი რეალისტურია და მაქსიმალურად აზღვევს პროცესების სწორად მართვას.
როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პანდემიის ვითარებაში ყველაფრის დეტალურად გათვალისწინება შეუძლებელია.
„ბიუჯეტი არის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელიც არის საშუალება პრობლემების მოგვარების, მაგრამ რა თქმა უნდა, სურვილები შესაძლებლობას ვერ გაცდება, ამიტომ ამ ვითარებაში, ვფიქრობ, ეს არის მაქსიმალურად რეალისტური ბიუჯეტი. პანდემიის ფონზე ყველაფრის დეტალურად გათვალისწინება არის შეუძლებელი, მაგრამ ეს ბიუჯეტი მაქსიმალურად აზღვევს ამ პროცესის სწორად მართვასაც”,- განაცხადა ხუნდაძემ.
რაც შეეხება “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას, რომელიც პლენარულ სხდომაზე დღეს უნდა დაამტკიცონ, ხუნდაძე იმედოვნებს, რომ ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვადის გაგრძელება საჭირო აღარ გახდება.
“სამწუხაროა, რომ ისევე როგორც მთელ მსოფლიოს, საქართველოსაც უწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება, კრიზისს სჭირდება მართვა და ამისათვის მთავრობას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, რის საშუალებასაც საკანონმდებლო უზრუნველყოფის კუთხით მას პარლამენტი აძლევს. აქამდე მიღებული იყო კანონი “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ”, რომლის მოქმედების ვადა არის 2021 წლის 1-ელი იანვარი. ვადის არგაგრძელების შემთხვევაში რჩება ცარიელი სივრცე და მთავრობას გაუჭირდება, რომ მართოს კრიზისი და ამის მიღმა საფრთხის ქვეშ დადგება თითოეული მოქალაქის ჯანმრთელიობა”,- განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, დღეს პლენარული სხდომის ფორმატში, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი კენჭისყრაზე დღესვე დადგება. ბიუჯეტის პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი წარუდგენს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა უნდა განიხილონ და დაამტკიცონ კანონპროექტი “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივების შესახებ, რომლის მიხედვით მთავრობას საგანგებო მდგომარეობის დაწესების გარეშე, გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება ეძლევა.