თამარ გაბუნია - სამედიცინო პერსონალისთვის დაწესებული დანამატები ნოემბრის თვის ხელფასში უკვე უნდა აისახოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალისთვის დაწესებული დანამატები ნოემბრის თვის ხელფასში უკვე უნდა აისახოს.

კითხვაზე, თუ რატომ არ აუღია სამედიცინო პერსონალის ნაწილს ამ დრომდე დანამატი, გაბუნიამ უპასუხა, რომ დანამატი იმის შესაბამისად იქნება ასახული, თუ რომელი თვის ხელფასს იღებენ ისინი.

„ის, რომ დანამატი უნდა მიიღოს კოვიდ კლინიკებში დასაქმებულმა სამედიცინო პერსონალმა, ეს არის ასახული 29 ოქტომბრის მთავრობის დადგენილებაში, სადაც განსაზღვრულია დამატებითი ტარიფი პროფესიების მიხედვით, ვინ რამდენი დანამატი უნდა მიიღოს საათობრივი ანაზღაურების რეჟიმში. მაგალითად, რეანიმატოლოგისთვის განსაზღვრულია 8 ლარი დანამატი, ექთნისთვის გარკვეული ოდენობა, დაახლოებით 50% -იანი ნამატი მათი ბაზისური ხელფასიდან. ეს დანამატი აისახება ნოემბრის ხელფასებში უკვე, ანუ ნოემბერი და დეკემბერი უნდა აიღონ ამ რეჟიმით. ჯერჯერობით, გამომდინარე იქიდან, თუ რომელი თვის ხელფასს იღებს პერსონალი, მათი დანამატიც იქნება შესაბამისად ასახული, მაგრამ ნოემბრის თვის ხელფასში ყველამ უნდა მიიღოს ეს დანამატი,“- განაცხადა გაბუნიამ.