შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა და მგონი, ამას ჩვენი შეფასება არ სჭირდება, ყველა ხედავს მის გარშემო როგორი იყო ნოემბრის ბოლოს ავადობა და როგორი არის დღეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეეცდება ძველებურად შეხვდეს ახალ წელს და თავისი ახლობლები მოინახულოს. შესაბამისად, 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შეიძლება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატოს.
„ჩემი ინფორმაციით, ყველგან, განსაკუთრებით დიდ მოლებში კარგად არის დაცული წესები - დისტანცია და ნიღაბი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა და მგონი, ამას ჩვენი შეფასება არ სჭირდება, ყველა ხედავს, მის გარშემო როგორი იყო ნოემბრის ბოლოს ავადობა და როგორი არის დღეს. ეს ყველაზე უკეთ იგრძნეს ჩემმა კლინიცისტმა კოლეგებმა, რომლებსაც ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ ამ დღეებში. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის სტაბილური და მყიფეა. არ მგონია, რომ მაღაზიების გახსნამ და ვაჭრობამ დიდად მოუმატოს შემთხვევების რიცხვი, ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როდესაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს თავისი ახლობლები. შესაბამისად, 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შეიძლება შემთხვევებმა მოიმატოს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.