"პანდემიის გავლენამ ჩვენს ფისკალურ მაჩვენებლებზე 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა"

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პანდემიის გავლენამ, ქვეყნის ფისკალურ მაჩვენებლებზე 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ მაჭავარიანმა პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2020-2021 წლებში, ეკონომიკური შემცირების ხარჯზე, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების დანაკარგი შეადგენს 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს.

„ბიზნესის მხარდაჭერისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით დაწესებული საგადასახადო შეღავათები - 600,0 მილიონ ლარზე მეტია, ჯანდაცვისა და ანტიკრიზისული ღონისძიებების დაფინანსება შეადგენს 4 მილიარდ 300 მილიონ ლარს.

ამ ყველაფერმა, ჯამურად, 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ჩვენს ფისკალურ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა იყო. შედეგად, 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი გაგვეზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 9,1 პროცენტამდე და 2021 წელსაც შეუძლებელი გახდა მისი შემცირება 7,6 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე. დეფიციტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მთავრობის ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, რომლის მაჩვენებელიც 2021 წელს სცდება 60-პროცენტიან ზღვარს. ახლა, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რა პირობებში გვიწევდა 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.