თბილისში ბინების ფასი და გაყიდვები მცირდება

უძრავი ქონების სერვისების და ინვესტიციების მართვის კომპანიის „კოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, თბილისში 2020 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 671 აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, მიმდინარე წლის 11 თვეში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ, კვ.მ-ზე მხოლოდ 3 დოლარით შემცირდა და 636 აშშ დოლარი შეადგინა.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ იანვარ-ნოემბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა გასულ წელთან შედარებით 22%-ით შემცირდა და 753 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ზომა 309 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა.

ცხადია, ბაზრის ზომის შემცირება დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიასთან, რომელმაც ერთობლივი მოთხოვნის მნიშვნელოვნად შემცირებას შუწყო ხელი.

გარდა ამისა, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ახალაშენებული ბინების ყველაზე მეტი გაყიდვა დაფიქსირდა სამგორში - 1444, საბურთალოზე - 935 და გლდანში - 871 ბინის ტრანზაქცია.

ნოდარ სირბილაძე