თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, საერთო ჯამში სულ 303-მა აპლიკანტმა შეავსო განაცხადი.

„განაცხადები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ელ. კომერცია, სამომხმარებლო სერვისები, საინფორმაციო ტექნოლოგიები/უსაფრთხოება, მწვანე ტექნოლოგიები, პროფესიული სერვისები, კადრების მართვა/განათლება და სხვა. განაცხადების შეფასებასა და შერჩევაში მონაწილეობას ამერიკული აქსელერატორი სილიკონ ველიდან USMAC მიიღებს. ხოლო კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ, გამარჯვებულ სტარტაპებს გამოავლენენ. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეექვსედ გამოაცხადა და პროექტის ხუთი რაუნდის ფარგლებში ჯამურად დაფინანსდა 98 სტარტაპი, თითოეულმა მათგანმა 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი მიიღო. ინოვაციების სააგენტო თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მსოფლიო ბანკის პროექტის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ფარგლებში ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.