საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს, 2021 წლის ბიუჯეტის განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი, ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტის პროექტის რომელ მუხლებს შეეხება ცვლილება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტარიფის ზრდა განსაკუთრებით მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს არ შეეხოს. რაც შეეხება თავად ბiუჯეტის პროექტს, კოვზანაძის განცხადებით, ხელისუფლებას აწუხებს ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რაც ბიუჯეტშია.
"ეს არის მაღალი დეფიციტი და ასევე საგარეო ვალი, კრიტიკული მაჩვენებლები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, მესამე კვარტალია, რომ არის რეცესია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოსახლეობას სჭირდება დახმარება, არის ბიზნესისთვის გათვალისწინებული მთელი რიგი პროგრამები, ამ პროგრამებიდან გამომდინარე ბიუჯეტში ჩადებულია ის სოციალური ვალდებულებები, რაც გამოცხადდა",- განაცხადა კოვზანაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი დღეს განიხილავს და კენჭს უყრის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ამ ბიუჯეტიდან მთავრობა გეგმავს 2021 წელს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას.