საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ საქართველოსთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მცდარი ნარატივი, რასაც ოპონენტები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ.
„ჩვენს არ გვაქვს არანაირი პრობლემა, მოვუსმინოთ და გავითვალისწინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის რჩევები. მიკვირს, როდესაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან მათთვის მისაღებ ფორმულირებაზე არის საუბარი, მაშინ აშშ არის სტრატეგიული პარტნიორი და მნიშვნელოვანია. როდესაც აშშ მოუწოდებთ, შეწყვიტეთ ბოიკოტი და პარლამენტში შედითო, მაშინ აშშ არის მტერი და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ საქართველოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ელჩს. ეს არის რეალობა, ორმაგი სტანდარტი, რასაც ოპონენტები საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო იყენებენ, რაც ყოვლად მიუღებელია. სტრატეგიული პარტნიორობა არის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, ის კრიტიკულია თუ არა. მათი კრიტიკა მომდინარებს იქედან, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. დემოკრატიის განვითარება მუდმივი პროცესია. გაიხედეთ ევროკავშირის ქვეყნებში, მათთან მიმართებით იგივე მათი პარტნიორები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც მართლმსაჯულების კუთხით კრიტიკულები არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ქვეყნის მმართველობას და ხელისუფლებას? ეს არის ის მცდარი ნარატივი, რასაც ოპონენტები საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო ცდილობენ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ“,-განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით, პრობლემა არის ინტერპრეტაციაში, როდესაც ოპონენტები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს საქართველოს სანქციები უწესდება და აშშ-ის მხრიდან დაფინანსება აღარ ექნება. „არ არის არანაირი პირდაპირი ბმა აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის დაფინანსების გაუქმებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზალკალიანმა.