საქართველოს 15 მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებლმა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გეგმებმა, რომლებიც ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში მომზადდა, საუკეთესო შეფასება მიიღო, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პროცენტულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინიციატივა, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდება, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების კატალიზატორი გახდა, როგორებიცაა აგროცენტრი ბოლნისში, ბიზნეს-აქსელერატორი თბილისში, ტურისტული ინფრასტრუქტურა და დაწესებულებები გორში და ა.შ., რამაც თითოეულ რეგიონში ათეულობით სამუშაო ადგილი შექმნა.
„მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მუნიციპალიტეტებს ეკონომიკური განვითარების გეგმების მომზადებასა და განხორციელებაში ეხმარებოდა. ინიციატივის მნიშვნელოვან კომპონტენტს წარმოადგენს ის, რომ ეკონომიკური განვითარების გეგმები საჯარო მოხელეების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა.
ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში, - საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდავეთსა და უკრაინაში, - პარალელურად ხორციელდება. მათ შორის მუნიციპალიტეტების ყველაზე მაღალი ჩართულობით (75%) საქართველო გამოირჩეოდა, კერძოდ, 64 მუნიციპალიტეტიდან მასში 48 მუნიციპალიტეტი მონაწილეობს.
ინიციატივა იმითაც არის უნიკალური, რომ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გეგმებს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები თვითონ წერდნენ, განსხვავებით სხვა პროექტებისგან, სადაც ამას დაქირავებული ექპერტთა ჯგუფი აკეთებს ხოლმე. ზვიად არჩუაძე, პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კოორდინატორი საქართველოსა და აზერბაიჯანში ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ მომზადებული გეგმების ეფექტიანობას M4EG ინიციატივის ფარგლებში დაქირავებული მსოფლიო ბანკის ექსპერტები აფასებდნენ.
„საქართველოს 48 მუნიციპალიტეტის მიერ დაწერილი გეგმებიდან 15 მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა შეაფასეს, როგორც საუკეთესო. ამ შემთხვევაში, საქართველო გამორჩეული მაგალითია, რადგან საუკეთესო შეფასების ასეთი მაღალი პროცენტი სხვა არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა”, ამბობს არჩუაძე.
ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პროექტების განხორციელებისთვის საქართველოს მუნიციპალიტეტებმა ევროკავშირისგან 1.5 მლნ ევრო კონკურსის გზით მიიღეს. აქედან, თბილისის მუნიციპალიტეტმა ნახევარ მილიონ ევროზე მეტი მიიღო, გორის მუნიციპალიტეტმა - 600 000 ევრო, ბოლნისმა - 320 000 ევრო.
„ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებისთვის დიდი ფულია”, ამბობს ზვიად არჩუაძე და განმარტავს, რომ მოპოვებული გრანტები მუნიციპალიტეტების მიერ გეგმით გაწერილ ისეთ უნიკალურ პროექტებს მოხმარდა, როგორიცაა, მაგალითად, ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერი ცენტრი ბოლნისში.
აგროცენტრი, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, მცირე და საშუალო მეწარმეებს პროდუქციის გაყიდვაში ეხმარება, კერძოდ კი, მათ სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ეტიკიეტირებას, შეფუთვას; ღვინის გაფილტვრისა და ბოთლებში ჩამოსხმის მობილურ სერვისებს. ამასთან, ბოლნისში ადგილობრივი ტურიზმისა და მონიჯნავე სფეროების განვითარების მიზნით, ისტორიული უბნის, კატარინაფილდის რესტავრაცია ჩატარდა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, მაგალითად მცირე სასტუმროების მფლობელებს, ბარ-რესტორნების მეპატრონეებს, შესაბამისი კონსულტაცია გაეწიათ თავიანთი ბიზნეს-პოტენციალის სრულად ასათვისებლად.
ინიციატივის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და მომიჯნავე სფეროების განვითარების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სკვერებს, საგამოფენო სივრცეს, შეიქმნა საფეხმავლო და ველობილიკები, შეიქმნა ტურისტების საინფორმაციო ცენტრი, საკონფერენციო სივრცე, ტრადიციული რეწვის ნიმუშების სავაჭრო სივრცე.
თბილისში შეიქმნა ბიზნეს-აქსელერატორი „სპარკი“, სადაც უკვე 70-მდე სტარტაპი მუშაობს. „სპარკი“ ადგილობრივ მეწარმეებსა და სტარტაპებს ბიზნსგანვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე ნინო თვალთვაძე ამბობს, რომ ქუთაისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას მოწყვალდი ოჯახების გაძლიერება წარმოადგენდა.
„შესაბამისად, ჩვენ შევქმენით საქართველოში პირველი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა მრავალშვილიანი ოჯახების ბიზნესის მხარდაჭერას. [...] მოხდა შერჩეული ოჯახების გადამზადება, შემდგომ, მათი ბიზნეს იდეების შეფასება, რის საფუძველზეც დაფინანსდა 7 ბიზნეს იდეა”, ამბობს თვალთვაძე.
ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად მოხდა დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია ჩოხატაურში, შეიქმნა ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭო რუსთავში, მოეწყო ტურისტული საკემპინგე ადგილები თელავში, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა გაყიდვებისთვის შეიქმნა ეთნო-სივრცე ზუგდიდში, ჩამოყალიბდა ჩაის სანერგე მეურნეობა და შეიქმნა ხილ-ბოსტნეულის ადმინისტრქაციული ნაკვეთები ოზურგეთში, სადაც ფერმერები კულტურათა მოვლის შესახებ კონსულტაციას იღებენ.
ზვიად არჩუაძის თქმით, აჭარაში სამმა მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, ერთობლივი ეკონომიკური განვითარების გეგმა დაეწერათ, რადგან როგორც აღმოჩნდა, აქტივობები, რომლებიც მათ გაწერეს, ერთმანეთის მსგავსი იყო. არჩუაძის თქმით, თანამშრომლობის ეს მოდელიც უნიკალური შემთხვევაა და ინიციატივაში ჩართულ სხვა არც ერთ ქვეყნებში არ გამოვლენილა.
მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გეგმების მონიტორინგი 6 თვეში ერთხელ ხდება.
„დღეს მუნიციპალიტეტებში უკეთ ესმით, თუ რა არის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება და რა ნაბიჯებია ამისთვის გადასადგმელი“, ამბობს ზვიად არჩუაძე.
საქართველოში ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მთავარი პარტნიორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ოფიციალურ ვებგერდზე www.m4eg.eu.