საქართველოს ფოსტის კამპანიამ - „გააგზავნე საქართველო ფოსტით“ ოთხი კონტინენტი და 38 ქვეყანა მოიცვა

საქართველოს ფოსტის კამპანიამ - „გააგზავნე საქართველო ფოსტით“, ოთხი კონტინენტი მოიცვა და უამრავ საქართველოს მონატრებულ ადამიანს გაუხარა გული, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად საქართველოს ფოსტამ შეძლო ზედმიწევნით შეესრულებინა მისი მისია და ურთიერთობა ხელშესახები გაეხადა. ამასთანავე, კიდევ ერთხელ შეახსენა დანარჩენ მსოფლიოს ქართული სტუმარ-მასპინძლობის შესახებ.

„კამპანიის კრეატიული იდეა სარეკლამო კომპანია „რედბერის“ ეკუთვნის. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა georgiabypost.com, სადაც ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ან საქართველოს მონატრებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოკლე ვიდეოებს გვიზიარებენ და სტუმარ-მასპინძლობას მოწყურებულ ქართველებს გვიყვებიან ყველაზე მეტად რა უყვართ, აინტერესებთ ან ენატრებათ საქართველოში. ხოლო ჩვენს თანამოქალაქეებს შეეძლოთ ჩანაწერების ხილვა, ადრესატების არჩევა და მათ ინტერესებზე მორგებული, ამანათში ჩატეული საქართველოს გაგზავნა. იმისთვის რომ პლატფორმაზე მოგვეზიდა საქართველოთი დაინტერესებული უცხოელები, შევქმენით პრინტ-კამპანია - „მიიღე საქართველო ფოსტით” (Get Georgia by Post). ულამაზეს ვიზუალებში ვეცადეთ წარმოგვეჩინა ქართული კულტურა, ხელოვნება, მუსიკა და სხვა ღირშესანიშნაობები.

კამპანიის შესახებ ვრცელი სტატია - „Georgian Post delivers gift boxes full of the nation’s famous hospitality“, გამოაქვეყნა ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ონლაინ სამოგზაურო გამოცემა „Lonely Planet”-მა, კამპანიას ასევე მხარს უჭერდა ფეისბუქ ჯგუფი „Spend 4 seasons in Georgia“. შედეგმაც არ დააყოვნა და პლატფორმაზე დაიწყო ძალიან მრავალფეროვანი, თბილი ვიდეო-მიმართვების განთავსება. შემდეგ ჯერი უკვე მასპინძლებზე იყო, ქართველებს უბრალოდ ვანახეთ ჩვენი საინტერესო „სტუმრების“ ვიდეო-მიმართვები და უამრავი ადამიანი ჩაერთო კამპანიაში.

მასპინძლების ამანათები მსოფლიოს 4 კონტინეტის, 38 ქვეყანაში გაიგზავნა, რაც მთავარია არც ერთი „სტუმარი“ არ დარჩენილა უსაჩუქროდ. ბევრმა უცხოელმა ახალი რამ აღმოაჩინა საქართველოში, ზოგმა მიიღო ის რაც ძალიან ენატრებოდა (ჩურჩხელები, ღვინო, ქართული ორნამენტებით დამშვენებული ნივთები და სხვა), გაიცა ბევრი დაპირება და მოპატიჟება, ქართველებს ყოველთვის გვსიამოვნებს სტუმრების მიღება და მათი გაკვირვება ჩვენებური მასპინძლობით. საქართველოს ფოსტამ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, თუ რა ჯადოსნური ძალის მატარებელია თუნდაც მცირე საფოსტო გზავნილი და როგორც ქართული სტუმართმოყვარეობისთვის, ასევე „საქართველოს ფოსტის“ შესაძლებლობებისთვის დახურული საზღვრები, პანდემია და სხვა გარემო პირობები ვერ შექნის ბარიერს და ყველგან მიიტანს თქვენ ამანათებს, სადაც მოისურვებთ!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.