სამწუხაროდ, ეს არის დაგროვილი ზრდა, დაგროვილი წნეხი ერთბაშად მოგვაწვა, რაც საკმაოდ რთულია, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
როგორც მინისტრმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ახალი ფასების დადგენაა მოსალოდნელი.
„ზრდა მნიშვნელოვანია, ძალიან მატერიალურია. სამწუხაროდ, ეს არის დაგროვილი ზრდა, წლების განმავლობაში არმომხდარი კორექციის, რაც იმ ვალდებულებების მიხედვით უნდა მომხდარიყო, რაც ენერგომომწოდებელ, სადისტრიბუციო კომპანიებთან არსებობს. დაგროვილი წნეხი ერთბაშად მოგვაწვა, რაც საკმაოდ რთულია. გვაქვს მონახაზი, თუ როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ ერთი მხრივ, მოსახლეობას და მეორე მხრივ, ბიზნესის იმ ნაწილს, რომელიც ისეთ სფეროში მოღვაწეობს, როგორიცაა, საკვები პროდუქტები, პირველადი პროდუქტები, რაც მოსახლეობისთვის ყველაზე მძიმეა. გვინდა ავიცილოთ ინფლაციური ზეწოლა. გვაქვს ნაწილობრივი გათვლები, ბიუჯეტიდან საიდან შეიძლება ცოტ-ცოტა მოგროვდეს თანხები, რათა მოსახლეობას შევეხიდოთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მაჭავარიანმა.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კოლეგებს და ფინანსთა მინისტრს მიმართა, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ტარიფების სუბსიდირების საკითხი 2021 წლის ბიუჯეტში დღესვე აისახოს. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ტარიფის ზრდის ფაქტი სიურპრიზი არ იყო, პრემიერთან წინასწარი კონულტაცია გაიმართა და შესაბამისი პროექტიც არსებობს. მაჭავარიანმა მდინარაძის შეთავაზება გაიზიარა.