"ფისკალური რისკების სწორად მართვა დაგვიცავს დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი ვალის ზრდისგან"

ფისკალური რისკების სწორად მართვა დაგვიცავს დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი ვალის ზრდისგან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროქტის წარდგენისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალში არ უნდა მოხდეს რისკების მქონე ახალი ვალდებულებების აღება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების სახით, ხოლო არსებულ რისკებზე უნდა გაძლიერდეს კონტროლი.

„მეორე მიმართულება ეს არის სახელმწიფო საწარმოები. დღეს მათი დიდი ნაწილი ბიუჯეტის დამატებით ტვირთს წარმოადგენს, ხოლო ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვანი ფისკალური რისკების მატარებელია. შესაძლებელია ითქვას, რომ დღეს, სახელმწიფო საწარმოები ეკონომიკური ზრდის შემაფერხებლები არიან. აღნიშნულის გათვალისწინებით აუცილებელია: არაეფექტური საწარმოების პრივატიზება / ლიკვიდაცია, ე.წ. „სოციალურ“ საწარმოებში, როგორიც არის დასუფთავების, წყალმომარაგების, კეთილმოწყობისა და მსგავსი ტიპის საწარმოები, საჭიროა ხარჯების ოპტიმიზაცია და შემოსავლების ზრდა, სტრატეგიული საწარმოების კომპლექსური რეფორმა - ისინი უნდა გახდნენ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი კომპანიები და ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდოს მათი დივიდენდებით“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

კიდევ ერთი მიმართულება რომელზედაც ფინანსთა მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, საგადასახადო შემოსავლების ზრდაა.

„რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ის, რომ ხვალ რომელიმე გადასახადი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, თუმცა აუცილებელია ამ მიმართულებით ვიმსჯელოთ და ჩამოვყალიბდეთ, რის ხარჯზე შეიძლება გავზარდოთ შემოსავლები. მათ შორის, პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ არ უნდა დაწესდეს ახალი შეღავათები. არსებული შეღავათები უნდა გადაიხედოს მათი სოციალური და ეკონომიკური ეფექტების გათვალისწინებით,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, შეღავათები არ უწყობს ხელს უთანაბრობის შემცირებას და არ არის ორიენტირებული სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე ან მცირე ბიზნესზე.

„უფრო მეტიც, სწორედ მათი გაუქმება და მიზნობრივ სოციალურ დახმარებებზე მიმართვა მოგვცემს შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად მოვაგვაროთ სოციალური პრობლემები,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ასევე, სამსჯელოა საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის მნიშვნელოვანი შეცვლა ან საერთოდ გაუქმება.

„კომპანიების ხელშეწყობის გაცილებით უკეთესი საშუალება იქნება გადახდისუუნარობის ახალი კანონი, რომელიც პრაქტიკაში უკვე მომდევნო წლიდან ამოქმედდება. განვითარებულ ქვეყნებში არსებული მექანიზმების გამოყენება, მათ შორის, ელექტრონული სისტემების გაუმჯობესება, მეტ ინფორმაციაზე წვდომა და მათი ანალიზი, უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის შემდგომი განვითარება და სხვა მექანიზმები, ჩრდილოვანი ეკონომიკის მაქსიმალური გამოვლენა, მათი თანაბრად და სამართლიანად დაბეგვრა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.