"უნდა განვსაზღვროთ, სახელმწიფო ეკონომიკის აღმდგენი გენერატორის როლს თავის თავზე იღებს, თუ ამ როლს კერძო სექტორს ვაძლევთ?"

უნდა განვსაზღვროთ, სახელმწიფო ეკონომიკის აღმდგენი გენერატორის როლს თავის თავზე იღებს, თუ ამ როლს კერძო სექტორს ვაძლევთ? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის წევრმა, ბექა დავითულიანმა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილება.

მისივე თქმით, საინტერესოა რამდენადაა გამოკვლეული, სახელმწიფო აქტივების საპრივატიზაციო პოტენციალი.

„ფინანსთა მინისტრის მხრიდან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო დასმული, მათ შორის პანდემიით გამოწვეული კრიზისული ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანისა და პანდემიით გამოწველი მავნე ეფექტის მინიმალიზების საკითხზე. ჩვენ ერთ მნიშვნელოვან საკითხს უნდა მივაქციოთ ყურადღება - პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც ეკონომიკა კრიზისიდან სწრაფად ამოსაყვანი და აღსადგენი რა რესურსი გვაქვს, როდესაც გარკვეული ვალდებულებების დაფინანსება ვალით გვიწევს. ჩვენ გვჭირდება, შემოსავლის წყარო და ამ შემოსავლის წყაროსთვის, ალბათ, უნდა განვსაზღვროთ, სახელმწიფო ეკონომიკის აღმდგენი გენერატორის როლს თავის თავზე იღებს, თუ ამ როლს კერძო სექტორს ვაძლევთ? როგორც ჩანს კერძო სექტორისკენ ვიხრებით და რამდენად გვაქვს გამოკვლეული სახელმწიფო აქტივების გასხვისების და საინვესტიციო პაკეტების პოტენციალი? თანხების რა ჯამურ ოდენობაზე შეიძლება ვსაუბრობდეთ? და საბოლოო ჯამში, ეკონომიკის აღდგენისა და შემდგომში წახალისების თვალსაზრისით, სახელმწიფო კომპანიების და მიწების გასხვისება რა ეფექტს მოგვცემს?“,- აღნიშნა დავითულიანმა.