რუსთავში, მცხეთასა და თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. სემეკმა შპს „ჯივიპის“ და შპს „რუსთავის წყალის“ გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა.კერძოდ, როგორც სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა კომისიის საჯარო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ჯივიპის“ გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 33 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა, ვისაც მრიცხველი არ უყენია და სულადობრივად იხდის, მათთვის ტარიფი 3.9 ლარიდან 4.5 ლარამდე გაიზარდა. ხოლო არასაყოფაცხოვრებო ტარიფი - 4.4 ლარიდან 6.5 ლარამდე.
„რაც შეეხება შპს „რუსთავის წყალს“, გამრიცხველიანებული მომხმარებლის საყოფაცხოვრებო ტარიფი 40 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა. გაუმრიცხველიანებული მომხარებლებისთვის ტარიფი 2.2 ლარის ნაცვლად დაახლოებით 3 ლარი გახდა, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ნაწილში ტარიფი თითქმის უცვლელია, 3.6 ლარი იყო და 3.7 გახდა“,-აღნიშნა მან.
როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ტარიფების გადახედვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ კომპანიებს შეუფერხებლად გაეგრძელებინათ მუშაობა. ამასთან, მისივე თქმით, კომპანიას სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი არ აკმაყოფილებთ და "ჯივიპის" მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ტარიფი კიდევ უფრო მეტად, 30-40%-ით გაიზრდებოდა.
"კომპანია არ ეთანხმება და შესაძლოა აღნიშნული ტარიფები გასაჩივრდეს კიდევაც, თუმცა სერიოზული ანალიზი ჩავატარეთ და მიგვაჩნია, რომ კომპანია ამ ტარიფით შეძლებს მოამარაგოს თბილისი, მცხეთა და რუსთავი უწყვეტი სასმელი წყლით", - აღნიშნა მან.