"ეფექტურად უნდა დავხარჯოთ ყოველი თეთრი"

„კრიზისი არის უპრეცედენტო. პასუხები საჭიროა ასევე არაორდინალური“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, მთავრობამ ყოველი თეთრი ეფექტურად უნდა დახარჯოს.

„ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს და დაგვეხმარონ ჩვენც შემოსავლების მობილიზების ისეთი გზებისკენ, რომლებიც შედარებით უმტკივნეულო, მაგრამ სამართლიანი იქნება. ეს არის ერთი ნაწილი და მეორე მხრივ, ხარჯების არა იმდენად შემცირება, არამედ ეფექტურობის გაზრდა, რომ მიზნობრიობა იყოს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ დანაკარგი გვქონდეს. დანაკრგი ყველგან არის, კერძო სექტორშიც არის, საჯარო სექტორშიც და ყველა ქვეყანაში, თუმცა ჩვენ ამ კრიზისულ სიტუაციაში გვაქვს მინიმალური უფლება, რომ გვქონდეს ეს დანაკარგები და ეფექტურად უნდა დავხარჯოთ ყოველი თეთრი და ყოველი ლარი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.