ტარიფების ზრდა იქნება ბიძგი, დიდი ინფლაციისკენ - ამის შესახებ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, კომუნალური გადასახადების ზრდის ეფექტს იგრძნობს მომხმარებელი და არა ბიზნესი.
,,პანდემიისგან დამძიმებულ ეკონომიკურ პირობებში, ტარიფების ზრდა ბიზნესისათვის ძალიან მძიმე ტვირთია. ბიზნესი გაზრდის ფასებს და მოხდება კიდევ უფრო დიდი ინფლაცია. ეს იქნება ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი ამისაკენ. ბიზნესს, ნამდვილად არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი დივიდენდის ხარჯზე გადაიხადოს ეს კოლოსალური თანხები. შესაბამისად, მოხდება ფასების ტოტალური ზრდა, ანუ ყველა გაზრდის ფასს. დაზარალდება მომხმარებელი და არა ბიზნესი, რეალურად ეს იქნება ტარიფის ზრდის შედეგი. როცა ბიზნესისთვის იზრდება ხარჯი, ის აძვირებს პროდუქციას, ასე იყო აქციზზეც, აქამდე გაძვირებულ კომუნალურებზეც და ასე იქნება ახლაც“-განაცხადა მან.
ჭელიძე ამბობს, რომ ტარიფების მოსალოდნელი ზრდის შესახებ, ასოციაციამ წინასწარ იცოდა.
,,ჩვენს ასოციაციასთან წინასწარი კონსულტაცია არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, სად იყო სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება საჭირო, ან სხვა თემებთან დაკავშირებით. თუმცა წინასწარ გვაცნობეს, რომ ზრდა მოსალოდნელი იყო. რადგან გარდაუვალი აღმოჩნდა ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, იგივე მოხდება ფასებზეც“-თქვა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 2021 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზრდება ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო ასევე კომერციული ტარიფი. ასევე მომავალი წლის 3 იანვრიდან დედაქალაქში იზრდება ბუნებრივი აირის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო ნაწილში, გარდა მასობრივი პურის ქარხნებისა. კომუნალური გადასახადების ზრდა, ,,თბილისის წყლის“ აბონენტებსაც შეეხებათ, როგორც საყოფაცხოვრებო ასევე კომერციულ ნაწილში.