"ახლა განვიხილავთ არა მხოლოდ მომდევნო წლის ბიუჯეტს, არამედ მომდევნო 3-4 წლის ეკონომიკის მთავარ ინსტრუმენტებს, თუ როგორ ვუპასუხოთ მთავარ გამოწვევას"

პარლამენტის წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გარკვეული კაპიტალური ინვესტიციების შემცირებით ხელისუფლება ცდილობს დააფინანსოს ბიუჯეტი. ამის შესახებ ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.

მან კითხვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს, ბიუჯეტის სოციალურ ნაწილთან დაკავშირებით ხომ არ აქვთ ეფექტიანობის გარკვეული დანაკლისი და არის თუ არა შესაძლებელი, ამ მიმართულებით ეფექტიანობის ზრდის ხარჯზე არსებობდეს რესურსი.

„განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღის წესრიგში შემოდის ტარიფების სუბსიდირება და ჩვენ სამწუხაროდ გვიჭირს ხოლმე გარკვეული ვალდებულებებიდან შემდეგ გამოსვლა. ახლა ვამბობთ, რომ ეს ერთი წლის განმავლობაში იქნება და ერთი წლის მერე როგორ ეკონომიკურ რეალობაში ვიქნებით, ამიტომ რთული სათქმელია მოვახერხებთ თუ არა ამ ვალდებულებებიდან გამოსვლას“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა საგარეო ვალთან დაკავშირებით და ფინანსთა მინისტრს მიმართა.

„ფაქტობრივად 2021 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება 2020 წლის დასაწყისთან შედარებით 20%-ით გაზრდილი საგარეო ვალი, საიდანაც კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული აღებული ვალი დაახლოებით 14%-ზე ცოტა მეტია, დანარჩენი სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული, ანუ ეს არის დამატებითი გამოწვევა იმ პარამეტრებთან მიმართებაში, რაზეც ვისაუბრეთ და ეს ავტომატურად ამცირებს ე.წ. ვალის მასტაბილიზებელ დეფიციტს, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ანუ იმ დეფიციტის მაჩვენებელს, რომელიც საჭიროა ვალის შესამცირებლად. ხომ არ იქნება ეს არსებითი გამოწვევა და ის ინსტრუმენტები, რომლებიც ჩამოთვალეთ საგადასახადო შეღავათების გადახედვის, საწარმოთა რეფორმის და სხვადასხვა მიმართულებით, იქნება თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ ეს დეფიციტი ჩამოვიყვანოთ ამ ნიშნულზე და ხომ არ იქნება ეს უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის, ანუ გარკვეულწილად გადასახადების ზრდის საფუძველი?- განაცხადა ლილუაშვილმა.