2021 წელს ბიუჯეტს საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის 3.5 თეთრით სუბსიდირება 80 - 90 მილიონი ლარი დაუჯდება. ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„2021 წელს ბიუჯეტს საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის 3.5 თეთრით სუბსიდირება 80 - 90 მილიონი ლარი დაუჯდება.
საყოფაცხოვრებო სექტორში 1 აბონენტი საშუალოდ 120 კვ/სთ ელექტრო ენერგიას მოიხმარს. შესაბამისად, სუბსიდირება თითოეულ აბონენტზე თვეში დაახლოებით - 4.5 ლარის ტოლი იქნება.
ერთი შეხედვით სწორი გადაწყვეტილებაა. მეორე მხრივ კი ყველაფრის სუბსიდირება ვერ გამოვა. ეკონომიკის მაქსიმალურ ამუშავებას, სადაც კი ეს შესაძლებელია ალტერნატივა არა აქვს. ბიზნესის ბარიერები მინიმუმამდე, წახალისებები კი მაქსიმუმამდე უნდა დაკორექტირდეს. ამისთვის კი პირველ რიგში სტრატეგიული ხედვის დოკუმენტია საჭირო,“-წერს ჭარაია.