კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში, 165 მილიონი ლარი გამოიყოფა. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, გაზრდილი ტარიფების სუბსიდირება მნიშვნელოვანი ამოცანაა. მინისტრის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება სუბსიდირებისათვის საჭირო რესურსით - 105 მილიონი ლარით. სამინისტროს ასიგნებებს დაემატება პროგრამული კოდი - “კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ხელშემწყობი ღონისძიებები“.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს კოვიდ - 19-თან დაკავშირებული კომუნალური შეღავათების სუბსიდირების პროგრამას. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამული კოდი 60 მილიონი ლარით შემცირდება და 250 მილიონი ლარით განისაზღვრება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაჭავარიანმა ის კონკრეტული პროგრამები დაასახელა, რომელსაც კომუნალური ტარიფების სუბსიდირების მიზნით, თანხები მოაკლდება.
“მთავრობა მზად არის, დაასუბსიდიროს 300 კილოვატის მოხმარებამდე ოჯახები. ეს მოიცავს ოჯახების 95%-ს. ამის გარდა, ბიზნესიდან გამოვყავით კვების მრეწველობა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი. აქ ვაპირებთ დავასუბსიდიროთ 50%, მთელი წლის განმავლობაში. წყლის გადასახადი მცირედით იზრდება, მაგრამ მაინც ვთვლით, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მაინც მტკივნეულია და ვაპირებთ შევეხიდოთ. ეს ის მაქსიმუმია, რაც დღეს საქართველოს ბიუჯეტს შეუძლია“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.