როგორ გაიზარდა დენის და წყლის ტარიფი 2013 წლიდან

2021 წლის 1-ლი იანვრიდან დენიც ძვირდება და წყალიც. მართალია, დღეს მოქმედ ტარიფთან შედარებით ზრდა კოლოსალური არაა, თუმცა 2013 წელთან გაძვირება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რაც „ოცნებამ“ გააიაფა, ეს იყო გაზის სამომხმარებლო ტარიფი. ერთი კუბური მეტრი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 46,1 თეთრს შეადგენს, როცა „ოცნებამდე“ ის 51 თეთრი ღირდა.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, 2013 წელს დადგენილი ტარიფით 101-დან 300 კვტსთ მოხმარებულ ელექტროენერგიაში „თელასის“ აბონენტი 13,56 თეთრს იხდიდა, 2021 წლის პირველი იანვრიდან კი საფასური 22,053 თეთრამდე იზრდება. გამოდის, რომ 2013 წელთან შედარებით დენის სამომხმარებლო ტარიფი 62,6%-ით იზრდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში ზრდა უფრო მეტია. 2013 წელს 101-დან 300 კვტსთ მოხმარებულ ელექტროენერგიაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლები იხდიდნენ 11 თეთრს ერთ კვტსთ-ში, 1-ლი იანვრიდან კი 21,707 თეთრის გადახდა მოუწევთ. გამოდის, რომ ბოლო 8 წელში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფი 97%-ით გაძვირდა.

შენიშვნა: როგორც ცნობილია, საქართველოში ელექტროენერგიის საფეხურეობრივი ტარიფი მოქმედებს. შედარებისთვის, ავიღეთ იმ საფეხურისთვის განკუთვნილი ტარიფი, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი აბონენტი იხდის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების ზრდას დაუჭირა მხარი. ამ გადაწყვეტილების შედეგად, მოქალაქეებისთვის ერთი კილოვატი ელექტროენერგია 3.5 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი საშუალოდ 12 თეთრით გაძვირდა.

სემეკის გადაწყვეტილებით, "თელასის" სამომხმარებლო აბონენტებისთვის ტარიფი ასე განისაზღვრება:

1) თვეში 0-101 კილოვატი - 18.041 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;

2) თვეში 101-301 კილოვატი - 22.053 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;

3) თვეში 301+ კილოვატი - 26.537 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი.

სემეკის გადაწყვეტილებით, "ენერგო პროს" სამომხმარებლო აბონენტებისთვის ტარიფი ასე განისაზღვრება:

1) თვეში 0-101 კილოვატი - 17.731 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი;

2) თვეში 101-301 კილოვატი - 21.707 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი;

3) თვეში 301+ კილოვატი - 26.227 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი.

რაც შეეხება წყლის ტარიფს, „სემეკის“ გადაწყვეტილებით 2021 წლის იანვრიდან თბილისში წყლის სულადობრივი ტარიფი 4,5 ლარამდე იზრდება, მაშინ, როცა 2013 წელს გადასახადი 3,15 ლარს შეადგენდა. აქ ზრდა 42,8%-ს შეადგენს.