პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, 2021-2022 წწ-ში მკვეთრად იზრდება რისკები, რაც საფრთხის შემცველია მაკროეკონომიკური, მონეტარული სტაბილურობისთვის, ლარის კურსისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის.
როგორც მან პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განმარტა, გაზრდილმა რისკებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საბიუჯეტო შემოსავლების აკუმულაციას და ასიგნებების განხორციელებას.
„არ დაგიმალავთ და ვიტყვი, ჩემს შეშფოთებას იწვევს ის, რომ 2021 წელს ჩვენ გვექნება მთავრობის ვალის და დეფიციტის მკვეთრი, ნახტომისებური ზრდა. ეკონომისტებისთვის ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ მოცემულ ვითარებაში, 2021-2022 წწ-ში მკვეთრად იზრდება რისკები, რაც საფრთხის შემცველია მაკროეკონომიკური, მონეტარული სტაბილურობისთვის, ლარის კურსისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის. გაზრდილმა რისკებმა თავის მხრივ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საბიუჯეტო შემოსავლების აკუმულაციას და აქედან გამომდინარე, ასიგნებების განხორციელებას. ამ კონტექსტში ვფიქრობ მიღწევაა, რომ წელს, პანდემიის პირობებში სარეიტინგო სააგენტოებმა არ შეამცირეს საქართველოს რეიტინგი და ეს საქართველოს მთავრობის, პირველ რიგში, ფინანსთა სამინისტრის ნამდვილი მიღწევაა.
პირველ რიგში, ეს ეფუძნებოდა მთავრობის მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო პოლიტიკის მიმართ ნდობას. 2021 წლის ბიუჯეტის მაღალი 7.6%-იანი დეფიციტი და მთავრობის ვალის ზომა ვფიქრობ, რომ ამ ნდობას გარკვეულწილად კითხვას გაუჩენს. მართალია, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თან ახლავს საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს 2023 წლის ბიჯეტის დეფიციტის 3%-იან ნიშნულზე დაბრუნებას, მთავრობის ვალის 2024 წლისთვის 57.6 %-მდე შემცირებას, მაგრამ ამ მიმართულებით მკვეთრი მოძრაობა 2021 წელსვე უნდა დავიწყოთ. სხვა შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, 2021 წელს თუ არა, 2022 წელს ჩვენს რეიტინგთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გაჩნდეს. ვფიქრობ, საჭიროა ამ საკითხებზე ახლავე ფიქრი. ჩვენ უფრო გლობალურად, ინსტიტუციონალურად უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა კოვზანაძემ.