ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფო ვალი იმ ნიშნულზე, რაც პანდემიამდე იყო, მომდევნო ოთხი წელი, სავარაუდოდ, ვერ დაბრუნდება.
მისივე თქმით, შემდეგ ოთხ წელიწადში ვერცერთი ქვეყანა ვერ დაუბრუნდება პანდემიამდე არსებულ ვალის მაჩვენებელს.
„საკმაოდ რთულ ფაზაში შევდივართ, მაგრამ ყველა წანამძღვარი აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ აქედან გამოვიდეთ ღირსეულად, უფრო გაძლიერებული. მოკლე ვადაში და საშუალო ვადაში ალბათ, ვერ, მაგრამ გრძელ ვადაში შეიძლება უფრო ძლიერებიც გამოვიდეთ. ვერც ერთმა ქვეყანამ, როდესაც კრიზისის მერე მათ გაექცათ ვალი, ვერ მოახერხა, რომ კრიზისი შემდგომ დაბრუნებულიყვნენ წინა მაჩვენებელზე. ეს ვერ ხდება ძალიან ძლიერ ქვეყნებშიც. დღეს იყო კითხვა, როდის ჩამოხვალთ 2019 წლის ვალის მაჩვენებელზე? უპასუხისმგებლო იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ 2024 წელს, ანუ საარჩევნო ციკლში, შეგვიძლია მშპ-სთან ვალის თანაფარდობის 40%-იან ნიშნულზე ჩამოვიდეთ. ალბათ ვერ ჩამოვალთ. მაგრამ გვაქვს შანსი, რომ 60%-დან 50%-ზე ჩამოვიდეთ. ეს ძალიან ძლიერი მაჩვენებელი იქნება იმიტომ, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ დაუბრუნდება პანდემიამდე ვალის მაჩვენებელს შემდეგ ოთხ წელიწადში. შეიძლება ერთეული გამონაკლისები იყოს. ჩვენ თუ შევძელით, რომ 50%-ის მიდამოში ჩამოვიდეთ, ეს იქნება ძალიან დიდი გამარჯვება და ამის წინაპირობა არსებობს. იმედი მაქვს, ჩვენ ამ გამოწვევებს ერთობლივად გავუმკლავდებით და საბოლოო ჯამში, სამშვიდობოზე გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.