"სუბსიდირება ხდება ნასესხები ფულით, მაგრამ საკითხავია რა მოხდება შემდეგ, როცა ეს ფული ამოიწურება“

ტარიფების ზრდის მიზეზი მთავრობის და ეროვნული ბანკის დანაშაულებრივი ფულად საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკაა - ასე შეაფასა ელექტროენერგიის, გაზის და წყლის საფასურის მატება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ ტარიფების მატება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, თუმცა სემეკს ამის უფლება მთავრობამ არ მისცა, რადგან საარჩევნო პერიოდი იყო.

,,ხელისუფლებას ჰგონია, რომ შეძლებს ყველაფერი პანდემიას მიაწეროს, არადა, აქამდე მივედით პანდემიამდე. იქამდე იყო გაუფასურებული ლარი. ტარიფების ზრდა, პირდაპირ არის მთავრობის და სებ-ის დანაშაულებრივი ფულად საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკის შედეგი. სებ-ის საქმე არ არის ეკონომიკურ აქტივობაზე ზრუნვა. მისი საქმეა, ინფლაციის მაჩვენებლის კონტროლი და ირიბად ლარის კურსზე ზრუნვა. სამწუხაროდ, არასწორად არის გაგებული მისი ფუნქცია. სებ-მა დაივიწყა მისი მთავარი მოთხოვნა.

რეალურად, ენერგეტიკას ეს მატებაც კი არ ჰყოფნის, ტარიფის ამ ზრდის პირობებშიც კი, კომპანიები გააგრძელებენ მუშაობას წაგების ზღვარზე. ტარიფების მატება რატომ არ მოხდა ეტაპობრივად? იმიტომ, რომ იყო საარჩევნო დღის წესრიგი. მარეგულირებელი კი ყურმოჭრილი ყმაა ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის“-აცხადებს გოცირიძე.

მისივე თქმით, სუბსიდირება ნასესხები ფულით და კრედიტებით ხდება, ეს რესურსი კი მალე ამოიწურება.

,,სუბსიდირება ნიშნავს, რომ ვიღაცას აკლდება ეს ფული ბიუჯეტიდან. აკლდება ხელფასების და პენსიების ზრდას. უაზრო რაღაცების სუბსიდირება რომ არ მოეხდინათ, პანდემიის დროს ბევრად მეტით შეძლებდნენ ადამიანების დახმარებას. მათ დატოვეს ყველა ხარჯი, რომელიც ჰქონდათ 2019 წელს. ვსაუბრობთ მშვიდობიან პერიოდში გაწერილ ხარჯებზე.

ლარის გაუფასურების შედეგად ფასები მოიმატებს იმ სეგმენტებში, რომელიც ისეთივე მძიმე დღეში ჩავარდება როგორც ენერგეტიკა, მაგრამ ამხელა აქცენტი ენერგეტიკაზე არის იმიტომ, რომ ის რეგულირებადი სფეროა. სუბსიდირება ხდება ნასესხები ფულით, მაგრამ საკითხავია რა მოხდება შემდეგ, როცა ეს ფული ამოიწურება“, განაცხადა რომან გოცირიძემ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი