ირაკლი კოვზანაძე ეროვნულ ბანკს და აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, რისკების იდენტიფიკაციაზე იყვნენ ორიენტირებული

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეროვნულ ბანკს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა, ბიუჯეტის პროექტზე დასკვნების გაკეთებისას ყურადღება გაამახვილონ არა ვიწრო პასუხისმგებლობის არეალზე, არამედ ორიენტირებულნი იყვნენ რისკების იდენტიფიკაციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე ინსტიტუტი ქვეყანაში დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხით სარგებლობს და მაღალკვალიფიციური ხელმძღვანელები ჰყავს.

„მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, დასკვნას აკეთებს და მოსაზრებას გამოთქვამს საქართველოს ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ჩვენ ეს გვქონდა განხილული კომიტეტის სხდომაზე და დღესაც მოვისმენთ. მათი დასკვნების წაკითხვის შემდეგ მინდა ვთქვა, რომ ორივე ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხით სარგებლობს და ჰყავს მაღალკვალიფიციური ხელმძღვანელები. სწორედ ამიტომ მინდა ვთხოვო, მათი დასკვნები ფორმალური რომ არ იყოს, საჭიროა ყურადღება გაამახვილონ არა ვიწრო პასუხისმგებლობის არეალზე, არამედ ორიენტირებულნი იყვნენ იმ რისკების იდენტიფიკაციაზე, რაც ჩანს და ასევე, სამომავლო აქცენტის გაკეთებაზე. ვფიქრობ, ეს მომავალში ძალიან მნიშნელოვანი იქნება“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, არსებულ რთულ ვითარებაში უფრო გლობალური და ინსტიტუციონალური მოქმედებაა საჭირო.

„ჩემი აზრით, ახლავე უნდა ვიფიქროთ, მაგალითად ცალკეული დარგების, სექტორების, მიმართულებების, არსებული საგადასახადო შეღავათების მიზნობრივი სუბსიდიებით ჩანაცვლებაზე, ეს სამართლიანი იქნება კონკურენტული გარემოსთვის, ჩრდილოვან ეკონომიკასაც შეამცირებს და ქვეყანასაც მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ეფექტი ექნება, უნდა ვიფიქროთ ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით, უნდა ვიფიქროთ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით და ა.შ. თუმცა, ხანგრძლივი ფიქრის ფუფუნებაც არ გვაქვს“, -განაცხადა კოვზანაძემ.