პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის საბოლოო ვერსია დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა გააცნო, 82 ხმით მიიღეს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 221.9 მლნ ლარით იზრდება და 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 890 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ახალი კორონავირუსის პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.
2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.
რაც შეეხება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, 2021 წლის განახლებული პროგნოზით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 12 045.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 155 მლნ ლარით ნაკლებია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით. როგორც დოკუმენტშია განმარტებული, კლება განპირობებულია ანტიკრიზისული გეგმის ახალი ეტაპის ფარგლებში კერძო სექტორისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების ეფექტით.
ამასთან, 2021 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით. რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33 680.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27 734.2 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 945.8 მლნ ლარის ოდენობით.