პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლის საფუძველზეც, მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა 6-თვით უგრძელდება

პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონს, რომლის საფუძველზეც, მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა 6-თვით უგრძელდება.

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება დეპუტატებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო. ხუნდაძემ ქვეყანაში კოვიდ-19 გამოწვეულ ეპიდვითარებაზე და ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტით, მთავრობას 2021 წლის 1 ივლისამდე გაუხანგრძლივდება ვადა, რათა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს და აკონტროლოს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება და შესაბამისი ზომები მიიღოს.

“იმედი მაქვს, 6 თვის შემდეგ აღარ დაგვჭირდება კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება, თუმცა ამისთვის საზოგადოება ვალდებულია დაიცვას ის რეკომენდაციები და წესები, რომელსაც საკონსულტაციო საბჭო გასცემს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.