ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, 2021 წლის ბიუჯეტი ძალიან ადეკვატურია იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტი სრულად პასუხობს იმ სოციალურ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც კოვიდპანდემიამ დღის წესრიგში დააყენა.
„მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2021 წლის ბიუჯეტი. ჩემი აზრით,ეს არის ძალიან ადეკვატური ბიუჯეტი იმ გამოწვევების კონტექსტში, რაც დღეს გვაქვს. ერთი მხრივ, პასუხობს იმ სოციალურ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც სამწუხაროდ, კოვიდპანდემიამ ჩვენს დღის წესრიგში დააყენა. ის დახმარებები, რომელიც ე.წ. პირველი ტალღის პირობებში განვახორციელეთ, შეგახსენებთ, ეს იყო უმუშევრად დარჩენილი ადამიანების კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში, ასევე 6 თვის განმავლობაში გადასახადებზე შეღავათი, დენის სუბსიდირება ოჯახებისთვის, ბიზნესის მხარდაჭერა, პრაქტიკულად, ამ ყველაფრის გამეორება ხდება. მეორე ტალღა უფრო მძიმე აღმოჩნდა. კიდევ უფრო დაარტყა ჩვენს კომპანიებს, ეკონომიკას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ეს პროგრამა 2021 წელს განხორციელდეს“,-განაცხადა მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაცების და სხვადასხვა კვლევების შეფასებით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული მხარდამჭერი ღონისძიებები ეფექტიანი და ადეკვატური პასუხი იყო.
„ყველა სოციალური პრობლემა შეძლებისდაგავარად შევარბილეთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სრულად მოვაგვარეთ, მაგრამ შევამსუბუქეთ როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ამავდრიულად, ის განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, რომ ჩვენ განვითარებაზე ორიენტირებული ვართ, ეს კომპონენტიც შევინარჩუნეთ. რის ხარჯზე? სამწუხაროდ, გაზრდილი დეფიციტის ხარჯზე. სამწუხაროდ, გაზრდილი ვალის ხარჯზე. გამოწვევა 2021 წლის ბიუჯეტი კი არ არის, სინამდვილეში ყველაზე დიდი გამოწვევაა,რას ვაკეთებთ 2022, 2023 და 2024 წლებში, რომ მაკროეკონომიკური ჩარჩო, რომელიც მნიშვნელოვნად გაუარესდა, როგორ შემოვაბრუნოთ და გავაუმჯობებსოთ“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ბიუჯეტის განხილვას ოპოზიცია არ ესწრებოდა, „ძალიან მწვავე კითხვები ისმოდა“.
„კითხვები გაცილებით მწვავე იყო, ვიდრე სინამდვილეში ოპოზიცია დასვამდა. ოპოზიცია როგორც წესი სვამდა პოპულისტურ და საფუძველმოკლებულ კითხვებს. კითხვა, თუ რას უპირებთ ვალს, რას უპირებთ დეფიციტს, იცით რა მწვავეა? ფინანსთა მინისტრისთვის ყველაზე მწვავე კითხვა ეს არის და არა ის, რატომ არ გაიყვანე წყალი იქ, სადაც შეიძლებოდა გაგეყვანა. კითხვა არის, რას უშვებით გაურესებეულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და ამაზე პასუხი იყო. ჩვენ გვჭირდება არაორდინალური ნაბიჯები, ჩვენ გვჭირდება ფისკალური კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც ნიშნავს შემოსავლების მაქსიმალურ მობილიზაციას და ხარჯების შეძლებისდაგვარად შემცირებას“,-განაცხადა მაჭავარიანმა.