კორონავირუსის პანდემიამ საცალო ვაჭრობის (სურსათი) სექტორი ნაკლებად დააზარალა. არც პირველი სრული ლოკდაუნი და არც მეორე ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები სურსათის მაღაზიებს არ შეეხოთ. მართალია, 2020 წლის ფინანსური მაჩვენებლები გაისად გახდება ცნობილი, თუმცა სუპერმარკეტების ნაწილისთვის წამგებიანი არც 2019 წელი ყოფილა.
ერთ-ერთი ასეთია „ორი ნაბიჯი“. როგორც კომპანიის 2019 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, გასულ წელს „ორი ნაბიჯის“ შემოსავლებმა - 308,479 მლნ ლარი შეადგინა, რაც თითქმის 76,5 მლნ ლარით მეტია 2018 წლის მონაცემთან შედარებით (2018 წელი - 232,054 მლნ ლარი). ანგარიშგების მიხედვით, 2019 წელს „ორი ნაბიჯის“ მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება იყო 263,324 მლნ ლარი.
ამასთან, შარშან საერთო მოგებამ შეადგინა 45,154 მლნ ლარი, საოპერაციო მოგებამ 12,958 მლნ ლარი შეადგინა, მოგება დაბეგვრამდე შეადგენდა 8,514 მლნ ლარს, ხოლო მთლიანი სრული შემოსავალი იყო 8,140 მლნ ლარი.
რაც შეეხება აქტივებს, 2019 წელს „ორი ნაბიჯის“ სრული აქტივები შეადგენდა 130,948 მლნ ლარის, ეს კი წინა წელთან შედარებით 156,6%-ით მეტია. 2018-ში კომპანიის სრული აქტივების მოცულობა 51, 021 მლნ ლარს შეადგენდა.
ცნობისათვის, შპს ორი ნაბიჯი ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და მისი ძირითადი საქმიანობაა საცალო მაღაზიებით ვაჭრობა. 2019 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანია წარმოდგენილი იყო 207 საცალო მაღაზიით, მათ შორის, 153 მდებარეობს თბილისში, 20 ქვემო ქართლში, 11 იმერეთში, 9 აჭარაში და 14 საქართველოს სხვა რეგიონებში. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ორ ნაბიჯში“ 2 140 ადამიანი იყო დასაქმებული. ამასთან, 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის ანგარიშგების გაცემის თარიღამდე კომპანიამ გახსნა 27 ახალი მაღაზია და დაიხურა ერთი მაღაზია, მეიჯარესთან საიჯარო პირობების ვერ შეთანხმების გამო.
კომპანიის დირექტორია ირაკლი ახვლედიანი. კომპანიას ასევე ყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება სამი წევრისგან.
2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის წილის მფლობელები არიან: გოჩა ცქიტიშვილი - 33,34%; გიორგი ჩხეიძე - 33,33% და კახა ბექაური - 33,33%.
2019 წლის კომპანიის კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით „ორი ნაბიჯი“ არის პირველ კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება; შემოსავალი - 100 მილიონ ლარს აღემატება; საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ზე მეტია.