„რომ არ მომხდარიყო  ტარიფის ზრდა,  გამანაწილებელ კომპანიებს ოპერირების გაგრძელება გაუჭირდებოდათ“- ენერგეტიკოსი დენის გაძვირებაზე

,,სხვა გამოსავალი არ იყო. რომ არ მომხდარიყო ტარიფების ზრდა, გამანაწილებელ კომპანიებს ოპერირების გაგრძელება გაუჭირდებოდათ“- ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ, რადიო „პალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ისაუბრა.

სპეციალისტი იმ ფუნდამენტურ ფაქტორებზე საუბრობს, რამაც ტარიფების ზრდა გამოიწვია.

,,თვეებია რაც მიმდინარეობს ეს პროცესი და ამ დროის განმავლობაში, არაერთხელ ვისაუბრე იმ აუცილებლობაზე, რატომაც უნდა მომხდარიყო ტარიფის ზრდა. არც ექსპერტებისათვის და არც მოსახლეობისთვის სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი.

რაც შეეხება მიზეზებს, პირველი - ტარიფის ზრდის აუცილებლობა დღის წერიგში ლარის გაუფასურებამ დააყენა. 2018 წელს, როცა ტარიფი დადგინდა, მაშინ ის გათვლილი იყო 2.5 კურსზე. დღეს კი, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3.3-ს სცდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რასაც ტარიფს მძიმედ დააწვა. ჩვენ ელექტროენერგიას და გაზს ვყიდულობთ დოლარში და ვყიდით ლარში. დიდი განმარტება არ სჭირდება როგორ აისახება ეს ფასზე.

მეორე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ვალდებულებები, რომელიც გამანაწილებლებს აქვთ. იმან, რომ აქამდე არ გაიზარდა ტარიფი, გამოიწვია ,,თელასის“ 150 მლნ-ის შეუსრულებელი ვალდებულებები, ,,ენერგო პროს“ შემთხვევაში კი, დაახლოებით 200 მლნ-ის. ბუნებრივია, ეს გაანგარიშდება ტარიფში.

მესამე - ჩვენს საერთო კალათაში შემცირდა ე.წ იაფ ფასიანი ელექტროენერგიის მოცულობა. სადღაც 90 მლნ ლარი გვჭირდება ენგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის კომპენსირებისთვის, რომელიც მომავალი წლის დასაწყისიდან გაჩერდება სარემონტო სამუშაოების გამო. არის კიდევ ბევრი ფაქტორი, რომელმაც იმოქმედა დღევანდელი ტარიფის ზრდაზე. სხვა გამოსავალი არ იყო. რომ არ მომხდარიყო ზრდა, გამანაწილებლებს ოპერირების გაგრძელება გაუჭირდებოდათ და ვეღარ მოგვამარაგებდნენ დენით,“-განაცხადა ენერგეტიკოსმა ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი