ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები 2021 წელს აშშ-სა და ისრაელის სამეცნიერო ბანაკებში გაემგზავრებიან

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდები აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში, ტექნოლოგიების საზაფხულო ბანაკში და ისრაელის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის „ტექნიონის“ საზაფხულო ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას.

2021 წელს, ათასწლეულის ინოვაციის მთავარი პრიზი NASA-ში გამგზავრება გუნდმა „მედერმა“ პროექტით „ულტრაბგერული მდგარი ტალღის მეთოდით მკურნალობა და SMART ტექნოლოგიით მონიტორინგი პარკინსონის დაავადებაზე“ მიიღო. გუნდში ხუთი მოსწავლეა - არჩილ მელიქიძე (სკოლა „აია-GESS“), მარიამ უმანკოშვილი (QSI International School of Tbilisi), გიორგი გოგატიშვილი (სკოლა „აია-GESS“), მარიამ ნინუა (სკოლა „პროგრესი“) და მარიამ გულაშვილი (თბილისის #175 საჯარო სკოლა). პროექტის მიზანია, პარკინსონის მკურნალობის და მონიტორინგის მეთოდების გაუმჯობესება. გუნდის მიერ შექმნილი მონიტორინგის კომპლექტი (ხელთათმანი, სამაჯური, სალტე) ხელს შეუწყობს პარკინსონის დაავადების ყველაზე გამოხატული სიმპტომის - კიდურის კანკალის სიხშირისა და ამპლიტუდის 24 საათიან მონიტორინგს.

„კონკურსის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვავლინეთ მოსწავლეებისგან შემდგარი სამი ინოვატორი გუნდი, რომელიც სხვადასხვა პრიზით დავაჯილდოვეთ. პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით გაემგზავრება NASA-ში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მეორე ადგილზე გასული გუნდი „მკვლევარი“ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA)-ს დაფინანსებით აშშ-ში ტექნოლოგიების საზაფხულო ბანაკში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი „GoGeoGo”, საქპატენტის მხარდაჭერით, ისრაელის ერთერთ წამყვან ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტექნიონის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება. გამარჯვებული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებში 2021 წელს, როგორც კი გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები, ამის საშუალებას მოგვცემს,“ - აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა, რომელიც შედგება საგარეჯოს და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან, შექმნეს ეკოლოგიური ნეფელომეტრი, რომლის საშუალებითაც გარემოში არსებული მტვრის ნაწილაკების ოდენობის განსაზღვრა და მონიტორინგია შესაძლებელი. მესამე ადგილზე გასული გუნდი ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შედგება, რომლებმაც შექმნეს მობილური აპლიკაცია საქართველოში ტრანსპორტის განრიგის შესახებ ინფორმაციის მარტივად მოსაპოვებლად.

„აშშ საელჩო საქართველოში 2014 წლიდან მხარს უჭერს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს, რომლის მიზანია ახალგაზრდა გამომგონებლებში ინოვაციური პროექტების და იდეების განხორციელების წახალისება. ძალიან ვამაყობთ ამ კონკურსით და მოხარულები ვართ, რომ ყოველწლიურად კონკურსში მონაწილეობას იღებს როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლები,“- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. „საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება კიდევ უფრო გვაახლოებს თანამედროვე მსოფლიოსთან და ხელს უწყობს ახალი თაობის გამომგონებლების, ინჟინრებისა და სტარტაპების გაძლიერებას. ჩვენი მთავრობის და სამინსიტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ზუსტად რომ ტექნოლოგიების და საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო განათლების განვითარებაა“ - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდები დაასაჩუქრეს კონკურსის პარტნიორმა ორგანიზაციებმა: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში, აკადემია „ლეტერატომ“,საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთი მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება. კონკურსში დღეისათვის 1,500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

წელს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეექვსედ ჩატარდა. 2019-20 წლის კონკურსში მონაწილეობა 350-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურის პირველ ეტაპზე 88 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 59% - თბილისიდან, ხოლო 41% - რეგიონის სკოლებიდან. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა 11 გუნდი თბილისის, რუსთავის, თეთრიწყაროს, ახალციხის, სენაკის, სიღნაღისა და საგარეჯოს სკოლებიდან, რომლებმაც დამოუკიდებელი კომისიის წინაშე წარადგინეს საკუთარი დასრულებული პროექტები.