2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ინერგება შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურა, შენგენის ზონის მოთხოვნებთან მათი საბუთების შესაბამისობის გადამოწმების მიზნით.
როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი თბილისის აეროპორტს ეწვია იმის გასაცნობად, თუ როგორ მოხდება შემოწმების ჩატარება და რა უნდა იცოდნენ ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებმა.
„უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმატებაა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება და უზრუნველვყოთ ამ რეჟიმის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეების დამატებითი შემოწმების პროცედურის დანერგვა. ეს არ არის ახალი შეზღუდვა ან ახალი პირობა. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ 2021 წლის 1-ელი იანვრიდან მგზავრების შემოწმება საქართველოდან მათ გამგზავრებამდე და არა მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მათი ჩასვლის შემდეგ მოხდება. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან აღნიშნული შემოწმებების მაქსიმალურად შეუფერხებლად, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად ჩატარების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს, მომავალ წლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.