შემდეგი წელი რომ უმძიმესი იქნება ჩვენი მოსახლეობისა და კერძო სექტორისთვის, ამას სხვადასხვა მაკრეკონომიკური ინდიკატორების ანალიზის გარეშეც ნათლად ვხედავთ. მაგალითად, ამას ცხადყოფს მარეგულირებლის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას თითქმის 3.5 თეთრით უძვირდება ტარიფი, ხოლო ბიზნესს 11 თეთრით. მართალია, მთავრობა ამბობს, რომ გაძვირებას სახელმწიფო დაასუბსიდირებს და მას მოსახლეობა და კერძო სექტორი ვერ იგრძნობს, მაგრამ ცხადია, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სუბსიდირება ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოსავალია, რაც კი შეიძლება მოიფიქროს ღია ბაზრის ეკონომიკამ, და ეს არცაა გამოსავალი. მოდით მარტივად ავხსნათ, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს აქვს კონკრეტული პათოლოგია, რაც იწვევს სიცხეს და სხვადასხვა სიმპტომებს. თქვენ შეიძლება ამ პაციენტს სიცხის დამწევი მისცეთ, მაგრამ ამით პრობლემა ხომ არ გადაიჭრება ?! ზუსტად ასეთი სურათი გვაქვს სუბსიდირებასთან დაკავშირებითაც. ჩვენ ვასუბსიდირებთ გაზის ტარიფს, დენის ტარიფს, პურის ფასს, იმის მაგივრად, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზის მოსაგვარებლად. ამის მთავარი მიზეზი კი ცხადია, არის ლარის დევალვაცია.
დაკვირვებული მკითხველი იკითხავს, კი მაგრამ ასეთი გლობალური კრიზისის დროს ლარის დევალვაცია გარდაუვალი იყო. კი ნამდვილად ასეა, მაგრამ განა არ შეეძლო მონეტარულ და ფისკალურ ხელისუფლებას, სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში გაუფასურების ამპლიტუდის შემცირება ?!
ცხადია შეიძლებოდა. შეიძლებოდა ეს სებ-ის მეტად მოქნილი საინტერვენციო პოლიტიკით, შეიძლებოდა უფრო აქტიური კომუნიკაციით, ორი სიტყვით შეიძლებოდა უფრო გონივრული მონეტარული პოლიტიკის გატარება, რაც ლარის ნაკლებ გაუფასურებას გამოიწვევდა.
მართალია სებ-ში ლარზე პასუხისმგებლობას იხსნიან მაგრამ ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარე, ინფლაციაზე მთავარ წნეხს ხშირ შემთხვევაში, გაცვლით კურსი წარმოადგენს ხოლმე, ასე მოხდა მიმდინარე წელსაც. იმის მიუხედავად, რომ 2020 წლის დასაწყისიდან რეგიონში „კორონა“ კრიზისის გამო შოკები მძაფრდებოდა, ეროვნული ვალუტა პოზიციებს ინარჩუნებდა და პირველი კვარტლის მიწურულს, ერთი დოლარი 2.77 ლარის ფარგლებშიც კი ივაჭრებოდა. სწორედ ამ მონაცემებით გულმოცემული ხელისუფალნი თავსაც იწონებდნენ, რომ გლობალურმა კრიზისმა ლარს ვერაფერი დააკლო, ეს კი მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებდა.
თუმცა, ამ განცხადებიდან რადენიმე დღეში ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და თუ მარტის დასაწყისში ერთი დოლარი 2.77 ლარის ფარგლებში ივაჭრებოდა, მარტის მიწურულს ერთი დოლარის ღირებულება 3.50 ლარს გადასცდა. მაგრამ ლარის გაუფასურება მხოლოდ გლობალურ კრიზისს დავაბრალოთ, არ იქნება სწორი. მით უფრო, როდესაც უკვე ვახსენეთ, რომ კრიზისის საწყის ეტაპზე ლარი თავმომწონედ გამოიყურებოდა. თუმცა, მოხდა რაღაც, რამაც ლარი თავდაყირა დააყენა. ეს რაღაც კი იყო არა გლობალურ ეკონომიკიდან მომდინარე, არამედ ადგილობრივ ბაზარზე დაშვებული შეცდომა.
როგორც უკვე ვახსენეთ, ლარმა მკვეთრი გაუფასურება მარტის დასაწყისში დაიწყო. თუ გაუფასურების ტრენდს დავაკვირდებით, იგი ლამის საათის სიზუსტით მიჰყვა საპენსიო სააგენტოს ტრანზაქციას, რომლის მიხედვითაც 500 მლნ ლარი კომერციული ბანკების ანგარიშებზე გადავიდა. ბანკებს გაეზარდათ ლიკვიდობა და თავის მხრივ, ეს თანხა მიმოქცევაში გაუშვეს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ერთბაშად ლარის მასა ნახევარი მილიარდით გაიზარდა, რაც ლარისთვის მნიშვნელოვანი წნეხი აღმოჩნდა. ეს გარემოება ბევრს გამორჩა და ლარის გაუფასურება პირდაპირ გლობალურ კრიზისსა და კორონა ვირუსს დაბრალდა.
გლობალური შოკების მოლოდინში, ცხადია, სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებმაც დაიწყეს ჰეჯირება და ამან კიდევ უფრო გაზარდა წნეხი ეროვნულ ვალუტაზე. ისიც ცხადია, რომ ამ პროცესების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა ცენტრალურ ბანკს, მაგრამ ამის მიუხედავად სებ-ი მთელი თვის განმავლობაში არ ჩარეულა სავალუტო ბაზარზე. სებ-ი ლარის გაუფასურებასა და სავალუტო ბაზარზე არსებულ პანიკას შორიდან უყურებდა. ეს ის შეცდომაა, რომელიც სებ-მა ერთხელ უკვე დაუშვა 2019 წელს. ეროვნული ბანკის ჩაურევლობის პოლიტიკა შეიძლება იმით აიხსნას, რომ ძნელია სებ-მა აჟიოტაჟურ მოთხოვნას რეზერვები დაუპირისპიროს, თუმცა არც კომუნიკაციით უცდია ცენტრალურ ბანკს პანიკის გაფანტვა.
მოგვიანებით კი, სებ-ის ქმედითმა ნაბიჯებმა ყველას დაანახა, რომ ცენტრალურ ბანკს სიტუაციის კონტროლი თავიდანვე შეეძლო, თუმცა დააგვიანა. კერძოდ, გვენეტაძის უწყებამ მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა სავალუტო ბაზარზე ჩარევა, როცა კურსი 3.60 ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა და ბაზარს 40 მლნ დოლარი მიაწოდა. ამასთან, მონეტარული ხელისუფლების აღმასრულებლებმა აქტიური კომუნიკაცია დაიწყეს სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებთან და საჯაროდ განაცხადეს, რომ სებ-ი ბაზარზე უფრო აქტიურად იქნებოდა წარმოდგენილი.
წარსულში დაშვებული მონეტარული შეცდომებიდან გადავინაცვლოთ შემდეგი წლის ეკონომიკური პროგნოზებისკენ და თანაც გავაანალიზოთ, ეკონომიკური გუნდის მოლოდინები შემდეგ წელთან დაკავშირებით.
ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ შემდეგი წლისთვის ეკონომიკური გუნდის პროგნოზები ცოტა ცდება იმ რეალობას, რომელშიც დღეს იმყოფება ქვეყანა და არარეალისტურად ჟღერს. არამხოლოდ არარეალისტურია, არამედ გარკვეულ ნაწილში ფანტასტიკის სფეროდანაცაა. ამისთვის საკმარისია ის პარამეტრები გავაანალიზოთ, რომელიც შემდეგი წლის ბიუჯეტშია ჩადებული. ანდაც, უბრალოდ იმ განცხადებებს გადავავლოთ თვალი, რომელსაც ეკონომიკური გუნდი აჟღერებს.
მაგალითად, შემდეგი წლიდან მთავრობა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში გადასახადებიდან იმაზე მეტი შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს, ვიდრე ეს მიიღო 2019 წელს. ეს მაშინ, როდესაც ბიზნესების დიდი უმრავლესობა უბრალოდ გაკოტრდა მთავრობისმიერვე შემოღებული შეზღუდვებით, ეს მაშინ, როდესაც მაგალითად აქციზის ნაწილში პანდემიამდეც ყოველწლიურად აკლდებოდა ბიუჯეტს თანხები, ეს მაშინ, როდესაც იქითა წლამდე დაიკარგება 400 000 -მდე მეტი სამუშაო ადგილი.
დღეს ქვეყანა ასეთი მოწყვლადი რომ აღმოჩნდა საგარეო შოკების მიმართ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ თავად ხელისუფლების მიერ არჩეული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ქვეყანა მთლიანად გადაეწყო მომსახურების სექტორზე. რამდენჯერ მოგვისმენია სხვადასხვა კაბინეტებიდან, რომ ჩვენი ეკონომიკის ლოკომოტივი ტურისტული სექტორია. ტურისტული სექტორი კი არაფერია თუ არა მომსახურების ეკონომიკა. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ განვითარებულ, მით უფრო სწრაფად გამდიდრებულ ქვეყანას, რომელმაც ეს ყველაფერი მომსახურების სექტორის ხარჯზე მოახერხა, ინდუსტრიალიზაციის გარეშე. თუმცა, ჩვენთან ეს მდგომარეობა კიდევ უფრო რთულადაა, ვინაიდან ადგილობრივი წარმოების არქონის გამო მომსახურების სექტორიც, იგივე ტურიზმიც, იმპორტირებულ პროდუქციას იყენებს. მარტივად, რომ ვთქვათ, თუ ქვეყანაში შემოდის 3 დოლარი, აქედან 2 დოლარი სხვადასხვა არხებით, ისევ ქვეყნიდან გაედინება, რადგან ქვეყანა ყველაფერს ყიდულობს და თავისი წარმოება არ გააჩნია.
არსებულმა გლობალურმა შოკმა ყველას მათ შორის ეკონომიკურ გუნდსაც კარგად დაანახა, რომ მათ მიერ არჩეული ეკონომიკის განვითარების სტრატეგია ერთი დიდი შეცდომა იყო, რომელიც პირველივე სტრესის დროს ბუშტივით გასკდა. სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყო ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის დროს ადგილობრივი წარმოებისა თუ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საუბარი, თუმცა ცხადია ეს ძალიან გრძელვადიანი პროცესია და მას ლაპარაკზე გაცილებით მეტი სჭირდება.
შეჯამებისკენ შეიძლება ითქვას, რომ შემდეგი წლიდან ძალიან ბევრი ბიზნესი აღდგენას უბრალოდ, ვეღარ შეძლებს. ამის მთავარი მიზეზი კი ზემოთ ნახსენები ის გაუაზრებელი შეზღუდვები იქნება, რომელიც ორგზის გაატარა მთავრობამ. შემდეგი წლიდან უნდა ველოდოთ ფასების მატების ახალ ტალღასაც. მართალია მთავრობა გვპირდება, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს დენის ტარიფს დაუსუბსიდირებს, თუმცა აქ მხოლოდ 50%-ზეა საუბარი. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ბიზნესს შემდეგი წლიდან დენის ტარიფი 5.5. თეთრით მაინც გაუძვირდება. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ განვითარებულ და წარმოებაზე ორიენტირებულ ქვეყნებში ეს პირიქითაა, ბიზნესი უფრო ნაკლებს იხდის ენერგომატარებლებში, ვიდრე ფიზიკური პირები.
პაატა ბაირახტარი, ეკონომისტი, „ახალგაზტრდა ფინანსისტთ და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას“ ვიცე-პრეზიდენტი.