დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ხშირად ილანძღებიან იმის გამო, რომ კანონს იცავენ. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა 24 საათიან რეჟიმში მუშაობისთვის.
„ის რომ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა არის კეთლგანწყობილი მუნიციპალიტეტის მიმართ, არის ამ მუნიციპალიტეტის თანამშრომლების დამსახურება. ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული საქმეები და სამუშაოები. ამ სიტყვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც დილის 5:00 საათზე იღვიძებენ და 6:00 საათზე გამოდიან, რათა ქალაქი მოწესრიგებული იყოს, ამ სიტყვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც თბილისის მოსახლეობას ემსახურებიან იმით, რომ ადამიანებმა შეძლონ გადაადგილება, ესენი არიან ავტობუსების მძღოლები, მეტროს მემანქანეები, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ კანონს, რომლებიც იცავენ როგორც რიგითი მოქალაქეების უფლებებს, ასევე სახელმწიფოს ქონებას. ჩვენი მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ხშირად ამისთვის ილანძღებიან, რომ კანონს იცავენ. არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ ხვალ, კონკრეტულ ადამიანთან შეიძლება მოვიდეს ანალოგიური პრობლემა, თქვენ საკუთარ მიწაზე ვიღაცამ რაღაც განათავსოს, ააშენოს და შემდეგ ისევ ამათმა, კანონმა უნდა დაგიცვათ. რა თქმა უნდა, ამ სიტყვების უკან დგას არქიტექტურის სამსახური, ურბანული სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ მოხდეს ქალაქის სწორად განვითარება“,-აცხადებს კალაძე.