სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში წელს სრულფასოვნად ამოქმედდა ფინანსური მექანიზმი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელმაც პანდემიის მიუხედავად წარმატებით ჩაატარა პირველი საგრანტო კონკურსი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარადგენისას განაცხადა.
როგორც ახვლედიანმა განმარტა, გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშესაწყობად, უკვე შერჩეულია 14 საუკეთესო ბიზნეს-პროექტი, რომელთა დაფინანსება მომავალი წლიდან დაიწყება.
„აღსანიშნავია, რომ ფონდი გრანტებს საერთაშორისო პარტნიორების დაფინანსებით გასცემს; ამ კუთხით მზადყოფნა უკვე დაადასტურა გერმანიამ და შვეიცარიამ. რაც შეეხება საგანმანთლებლო მექანიზმს - სკოლის შემდგომი მოსამზადებელი და სხვა საშეღავათო პროგრამების შედეგად, წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან ჩაირიცხა სამჯერ მეტი, 400-მდე სტუდენტი. ეს უპრეცედენტო პროგრამა მორგებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე და ითვალისწინებს სწავლების დაფინანსებას, სტიპენდიასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.