„კანონმდებლობით ამ დღეებში ყველა ვალდებულია დაისვენოს. კანონი არის ძალიან მკაცრი,“- ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, წარმოუდგენელია და არც საჭიროება დგას, რომ ორი კვირით ქვეყანა სრულად გაჩერდეს და არავინ იმუშავოს, ამიტომ ლიპარტელიანი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში მთავრობა აღნიშნულ ბუნდოვან დადგენილებაში კორექტირებას შეიტანს.
„ზოგადად უქმე დღეებს საქართველოში განსაზღვრავს შრომის კოდექსი, თუმცა, ამ ბოლო რეფორმამ, რომელიც გატარდა სექტემბრის ბოლოს, მთავრობას მისცა საშუალება, რომ დაედგინა უქმე დღეები დამატებით. პროექტზე მუშაობისას რა თქმა უნდა, არც პანდემია წარმოედგინა არავის და 2-კვირიან უქმე დღეებზე იყო საუბარი. მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრი ეთნიკური უმცირესობა, სხვადასხვა რელიგიური კუთვნილების ადამიანი ცხოვრობს და მათთვის შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს, კონკრეტული უქმე დღის დაწესება, ამ რეფორმის მიზანიც სწორედ ეს იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი იმთავითვე პრობლემური იყო დასაქმებულების უფლებების პერსპექტივიდან, რადგან ერთი მხრივ მთავრობას ენიჭება უფლება, რომ უქმე დღეები დააწესოს დამატებით, მეორეს მხრივ, დამსაქმებელს მიენიჭა უფლება, რომ ამ უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს შემდეგ ანაზღაურება.
მთავრობის მიერ იანვარში 2-კვირიანი უქმე დღეების გამოცხადების შესახებ მიღებული დადგენილება არის სავალდებულო ყველასთვის, არა აქვს მნიშვნელობა კერძო თუ საჯარო სექტორი იქნება. დადგენილოებაში არის კონკრეტული დღეები განსაზღვრული და რაიმე გამონაკლისს არ მოიცავს. ეს კი უკვე წარმოადგენს პრობლემას, რადგან შეუძლებელია სახელმწიფო საქმიანობდეს და არსებობდეს ისე, რომ გადაუდებელი სერვისების მიწოდება მაინც არ იყოს უზრუნველყოფილი. მეორე მხრივ გაურკვეველია, თუ როგორ უნდა მოხდეს ანაზღაურება ამ დღეებში, ითვლება თუ არა ეს ზეგანაკვეთურ მუშაობად და ა.შ.
შესაბამისად, ასე ხელაღებით უქმე დღეების 2 კვირით გამოცხადება არის არასწორი და პრაქტიკაში არააღსრულებადი. ამასთან, ბევრი სტრუქტურა ისედაც დისტანციურ რეჟიმში მუშაობს და გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო უქმე დღეების გამოცხადება და რატომ უნდა შეწყვიტონ საქმიანობა თუნდაც მთელმა რიგმა საჯარო სამსახურებმა. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ დღეებში დაკონკრეტდება ეს დადგენილება. გამოიყოფა სექტორები, სადაც დაშვებული იქნება მუშაობა.
თუ დადგენილება არ დაკორექტირდება, კანონმდებლობით ყველა ვალდებულია დაისვენოს ამ დღეებში. კანონი არის ძალიან მკაცრი. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება რომ 1-ლი იანვრიდან გაზრდილი მანდატით შრომის ინსპექციაც ამოქმედდება, რომლის აღსრულების ნაწილი ამ დადგენილების აღსრულებასაც გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ თუ უქმე დღეებია გამოცხადებული და დამსაქმებელი ან დასაქმებული მაინც აგრძელებს მუშაობას, უნდა მოხდეს სანქცირება. სანქციის სახით არის როგორც გაფრთხილება ასევე ჯარიმა, 200 ლარიდან 1000 ლარამდე, შესაძლოა ფინანსური სანქცია გასამმაგდეს კიდეც,“-განაცხადა ლიპარტელიანმა.
შეგახსენებეთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე, ანუ დასვენების დღეებად ცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო.