თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებში ჯამში, 39 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში 60 მილიონი ლარი. მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 2020 წელი შეაჯამა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიამ განახორციელა.
კახა კალაძის თქმით, 2020 წელს სწავლა დაუფინანსდა 700 ახალგაზრდას, ხოლო წამახალისებელი სტიპენდია 300-ზე მეტ სტუდენტს დაენიშნა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებში ჯამში 39 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში - 60 მილიონი ლარი; 13 მილიონი ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად. მერიის მხარდაჭერით განხორციელდა სპორტის 60, 235 კულტურულ-შემეცნებითი და ახალგაზრდობისა და განათლების მიმართულებით 50 ღონისძიება. დაიწყო მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში. ლილოს დასახლებაში აშენდა საცურაო აუზი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთხ სპორტულ ცენტრს, ხოლო სპორტული ინვენტარით აღიჭურვა სამი სპორტული ცენტრი; ეკიპირებითა და ინვენტარით დახმარება გაეწია 15 სპორტულ ორგანიზაციას და ფედერაციას; სწავლა დაუფინანსდა 700 ახალგაზრდას, ხოლო წამახალისებელი სტიპენდია დაენიშნა 300-ზე მეტ სტუდენტს. კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების პრობლემა მოგვარებულია, ასევე მოგვარდა „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულების პრობლემა. ბოლოში გადის „ცენტრ პოინტის“ საქმე და 6 000 ოჯახს, ვინც ელოდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებას, მალე მივულოცავთ. დავიწყეთ ვაკის პარკის რეაბილიტაცია და ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ასევე, მინდა აღვნიშნო კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც მართლაც კარგი პროექტი გამოვიდა; ვარკეთილში, სუხიშვილის და თაყაიშვილის ქუჩებზე ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია; მოსკოვის გამზირზე ორნახევარი კილომეტრის სიგრძის გზაგამყოფის რეაბილიტაცია; გლდანის მიკრორაიონში განხორციელებული პროექტი, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა. დავიწყეთ მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება.
მინდა, ჭავჭავაძის გამზირს შევეხო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. შეიძლება ითქვას, ქუჩის მოწყობის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტი დავაწესეთ და ყველა ქუჩა, რომელიც მომავალში გაკეთდება, იქნება ზუსტად ამ სტანდარტის და ყველას ექნება შესაბამისი სივრცე. რა თქმა უნდა, ეს მცირე ჩამონათვალია, ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ცალკე გამგეობების მხრიდან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.