საქართველოში კომპიუტერული მოწყობილობების იმპორტი შემცირდა, თუმცა, კონკრეტულად ლეპტოპების კი გაიზარდა.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში სულ 68,411 მლნ აშშ დოლარის კომპიუტერული ტექნიკა შემოვიდა, ხოლო მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში - 58,301 მლნ აშშ დოლარის. რაც შეეხება ლეპტოპებს, თუ გასული წლის 11 თვეში ჯამში 31,224 მლნ აშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წელს მათი რაოდენობა 33,928 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ამავე მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ნოუთბუქები შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:
გარდა ამისა, ლეპტოპების იმპორტი შედარებით მცირე მოცულობთ განხორციელდა: აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან, კანადიდან, ტაივანიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან და ა.შ.
ცნობისთვის, ლეპტოპებსა და დესკტოპ კომპიუტერებზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში არნახულად გაიზარდა. დიდ სავაჭრო ცენტრებში მარაგები ამოწურულია და მომხმარებლებს შეკვეთის ლოდინი თვეობით უწევთ.
კომპიუტერებზე მოთხოვნის ასეთი ზრდა, პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლების საჭიროებამ გამოიწვია.
რიგი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წელს ლეპტოპების და პერსონალური კომპიუტერების მიწოდება 300 მილიონს მიაღწევს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია.
ბაზრის კვლევაზე ორიენტირებულ კომპანია „კანალისის“ პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს, მსოფლიოში მომუშავე პერსონალური კომპიუტერების და ტაბლეტების რიცხვი 1.77 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის, 2019 წლის ბოლოს მათი რაოდენობა 1.64 მილიარდი იყო.
მოთხოვნის ზრდის კვალობაზე, ბაზარზე კომპიუტერების დეფიციტს ის გარემოებაც ქმნის, რომ ისეთი მიმწოდებლები, რომლებიც ეკრანების და პროცესორების წარმოებაზე არიან ორიენტირებული, პანდემიური ლოკდაუნის გამო, გარკვეული დროით გაჩერებულები იყვნენ.